საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, რიკოთის შემადგენელი შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
„დასკვნით ფაზაშია რიკოთის შემადგენელი შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი, სადაც გაჭრილი და მოსახულია პროექტით გათვალისწინებული ათივე გვირაბი, 17 ხიდიდან აშენებულია 15 ხიდი და მიმდინარეობს 2 ხიდზე კოჭების მოწყობა, საფარის, საინჟინრო სისტემების და სხვა სამონტაჟო სამუშაოები. შესაბამისად, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი გზით მოსახლეობა მაისიდან ისარგებლებს,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
მინისტრის თქმით, მაისიდან ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს ქალაქ ზესტაფონში შესვლა და ისარგებლებს ზესტაფონის შემოვლითი, ახალი 4 ზოლიანი გზით, რომელიც არგვეთას კვანძთან შეუერთდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს.
„ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც კომფორტულ და შეუფერხებელ გადაადგილებას, ისე საგზაო უსაფრთხოების სტანდარტის გაზრდას. ბუნებრივია, გზის დარჩენილ მონაკვეთზე კი, გაგრძელდება სამუშაოები“- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
"E-60 მაგისტრალის იმერეთის მონაკვეთის უმნიშვნელოვანესი ნაწილი მაისში გაიხსნება და ზესტაფონის გვერდის ავლით ჩვენი თანამოქალაქეები შეძლებენ გადაადგილებას დასავლეთის მიმართულებით. ყველასთვის ცნობილია, რომ ძალინ რთული მონაკვეთი იყო და ვფიქრობ მნიშვნელოვნად შეამცირებს გადაადგილების დროს. რა თქმა უნდა ჩვენ გავითვალისწინეთ იმ ბიზნესის ინტერესებიც, რომლებიც ოპერირებენ ზესტაფონში. რამდენიმე დღეში გამოცხადდება აუქციონი, სადაც დაინტერესებული პირები გაეცნობიან, თუ სად გეგმავს სახელმწიფო ისეთი მოედნების მოწყობას, სადაც უკვე ალტერნატიული შესაძლებლობა ექნებათ იგივე ბიზნესის განვითარების,”-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
სპეციალური სავაჭრო მოედნები ახალ მაგისტრალურ გზასთან მოეწყობა. უკვე მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები შროშასთან შესაბამისი მოედნების მოსაწყობად, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას თიხის ნაკეთობების რეალიზაციის შესაძლებლობა ექნება. გარდა ამისა, უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში, გამოცხადდება სურამში და ზესტაფონში ტრადიციული პროდუქციით სავაჭრო ადგილებისთვის გათვალისწინებული მოედნების და ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა.
რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის ფარგლებში, ჯამში, შენდება 52 კმ-მდე კმ გზა, 97 ხიდი და 51 გვირაბი. ამ დროისათვის, 51 გვირაბიდან უკვე გაჭრილია 50 გვირაბი და 51-ე გვირაბის გაჭრის სამუშაოები მიმდინარეობს. აქედან, 38 გვირაბით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს. ასევე, პროექტით გათვალისწინებული 97 ხიდიდან უკვე აშენებულია 89 ხიდი. 65 დასრულებული ხიდით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა. სამშენებლო სამუშაოები 2024 წელს დასრულდება.