2023 წლის ივნისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება წლიურად 1.7%-ით გაიზარდა და 5.62 ლარი იყო.
ISET-ის ხაჭაპურის ინდექსის მიხედვით, ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში ფასები გაიზარდა შემდეგ ინგრედიენტებზე:
საფუარი - ფასის წლიური ზრდა 13%; რძე - 11.9%; კარაქი - 10.7%; ყველი - 2.1%.
აღსანიშნავია, რომ უმნიშვნელოდ შემცირდა კვერცხის ფასი (-1.2%), ხოლო შედარებით მეტი კლება დაფიქსირდა ფქვილის ფასზე (-7.9%).
„2022 წლის ივნისს წლიურ ჭრილში (2021 წლის ივნისთან შედარებით) ყველაზე მეტად სწორედ ფქვილი გაძვირდა - მეტწილად უკრაინაში მიმდინარე ომით გამოწვეული მიწოდების ჯაჭვებში გაჩენილი შეფერხებების გამო. თუმცა, როგორც ჩანს, სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა. სავარაუდოდ, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ხორბლის ფასის კლება საერთაშორისო ბაზრებზე. ამას ემატება ისიც, რომ ივნისიდან რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე დაწესებული გადასახადის შემცირება დაიწყო“, - აღნიშნულია ISET-ის მიერ გამოქვეყნებულ ხაჭაპურის ინდექსში.
რაც შეეხება თვის ჭრილში მონაცემებს, ISET-ის თანახმად, უკვე ზედიზედ მეოთხე თვეა, რაც ინდექსი კლების ტენდენციას ინარჩუნებს და ივნისში, მაისთან შედარებით, ის 2.4%-ით შემცირდა.
„ამ ცვლილების ძირითადი მიზეზი ყველის ფასების შემცირება იყო (-3.7%), რომელიც ინდექსში ყველაზე მაღალი წონით შედის. ინდექსის ყველა სხვა ინგრედიენტის ფასი, გარდა საფუარისა, რომლის ფასიც წინა თვესთან შედარებით 2.8%-ით გაიზარდა, ამ თვეში შემცირდა: ფქვილი (-1.8%), კვერცხი (-1.2%), რძე (-0.9%), კარაქი (-0.5%)“, - აცხადებენ ISET-ში.