სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო საქართველოს საჯარო სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათის N2 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.
ორ სართულიან შენობაში სასწავლო სივრცეებთან ერთად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი, მრავალფუნქციური ღია სპორტული მოედანი. სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: მოეწყობა ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი.
"4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება მოქმედი სამშენებლო ნორმების დაცვით, ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით. სკოლა ასევე სრულად აღიჭურვება ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და ინვენტარით. ინფრასტრუქტურული პროექტის შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათის N2 საჯარო სკოლის 300-მდე მოსწავლე სწავლას სრულად ადაპტირებულ, თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ სკოლაში გააგრძელებს.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აქტიურად ახორციელებს სკოლების მშენებლობას, რეაბილიტაციასა და აღჭურვას, რადგან თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ზოგადი განათლებისა და საგანმანათლებლო რესურსების თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სააგენტოს უმთავრესი პრიორიტეტია,"-აცხადებენ სააგენტოში.