რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული - პაპუნა მარგველიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერთან- სერგი ხიდეშელთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ გლოლის მოსახლეობას შეხვდა, სადაც კურორტ შოვში ტრაგიკულად დაღუპული 33 მოქალაქის სულის უკვდავსაყოფად მემორიალის აღმართვისთვის ტერიტორიის შერჩევის საკითხი განიხილეს.
"ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება რკინის წყლის მიმდებარდ განთავსდეს მემორიალი, ასევე განიხილეს რამოდენიმე ალტერნატიული ლოკაციაც. შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან ერთად მოხდება შერჩეული ადგილების გადამოწმება, გეოლოგების ( ექსპერტების) დასკვნის საფუძველზე კი შესაძლებელი იქნება შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა. შეხვედრაზე, ასევე განიხილეს სოფლისათვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კომისიის მიერ, რომლის წევრებიც დარგის სპეციალისტებთან ერთად არიან გარდაცვლილთა ოჯახის წევრებიც, გამოცხადდება კონკურსი. კონკურსის წესით გამარჯვებული მაკეტის მიხედვით დადგენილ ადგილზე აღიმართება რაჭის ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი,"-ნათქვამია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
“ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის აზრი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ეს იქნება მოკრძალებული პატივისცემა ჩვენი გარდაცვლილი მოქალაქეების მიმართ,"- განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ.