ქუთაისში ტურისტების რაოდენობა მზარდია. DMO იმერეთის ხელმძღვანელის, მარი დევიძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ექვსი თვის სტატისტიკა მთელი გასული წლის ვიზიტორთა რაოდენობას აჭარბებს. კერძოდ, მიმდინარე წლის 6 თვეში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს 15 561-მა ტურისტმა მიმართა. მათგან, რაოდენობრივად პირველი ხუთეული ასე ნაწილდება: პოლონეთი (5190), გერმანია (3268), გაერთიანებული სამეფო (2816), არაბთა გაერთიანებული საემიროები (2439), რუსეთი (1848).
„პანდემიის შემდგომი პერიოდის ტურისტული დინამიკა რომ მუდმივად მზარდია, ეს თვალსაჩინოა. საქართველოში სრულ ტურისტულ სტატისტიკას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აწარმოებენ. ჩვენს მიერ წარმოებული სტატისტიკა კი ეყრდნობა ტურისტების მხოლოდ იმ რაოდენობას, რომლებიც, ყოველდღიურად მომართავენ ჩვენს საინფორმაციო ცენტრს. თუ კი 2022 წლის იანვრის შემდგომი ექვსთვიანი სტატისტიკური მონაცემები შემდეგ ციფრებს გვთავაზობდა - სულ 4573 ტურისტი და მათგან რაოდენობის მიხედვით პირველ ხუთეულს პოლონეთი, ყაზახეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, გერმანია, ლიტვა წარმოადგენდნენ,“-ამბობს მარი დევიძე.
მისივე თქმით, იმერეთში, ისევე როგორც მთელს საქართველოში, ყოველწლიურად ხდება ტურიზმის დარგში ცნობადობის ამაღლება და სერვისების დახვეწა. თუკი, 2012 წლის მონაცემებით იმერეთში ჯამში 68 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება იყო, დღესდღეობით ეს ციფრი 240- მდე გაიზარდა და აქედან 160-მდე მხოლოდ ქუთაისზე მოდის.
„იგივე შეიძლება ვთქვათ კაფე-რესტორნებსა და გასტრონომიულ ობიექტრებზე. დღესდღეობით იმერეთის მასშტაბით ჩვენს მიერ აღრიცხული 90-მდე კვების ობიექტია. ამ მხრივ ქუთაისში კვების ობიექტები და სასტუმროები თავისი კონცეპტუალური დიზაინითა და საინტერესო სამზარეულოთი ცალკე წარმოადგენენ ტურისტთა ინტერესის ობიექტებს,“-ამბობს მარი დევიძე.
გარდა ამისა, ქუთაისის ტურისტულ პროდუქტებს დაემატა ყოველკვირეული ფოლკლორული კონცერტები, რომელსაც ქალაქის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ყოველ პარასკევს, ფოლკლორის სასახლეში მართავს.
„ამ წამოწყებამ ტურისტების მხრიდან საკმაოდ დიდი დაინტერესება და შთამბეჭდავი უკურეაქცია გამოიწვია. პროექტი დღესდღეობით სატესტო რეჟიმშია და დიდი სურვილი გვაქვს სტაბილურ ტურისტულ პროდუქტად დარჩეს ჩვენს ქალაქში.
პარალელურად, ტუსიტული სეზონის განმავლობაში, ყოველ პარასკევსა და შაბათს იმართება იმერელი ხელნაკეთისა და ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-ბაზრობა, რომელმაც ქუთაისში ჩამოსულ ვიზიტორთა ინტერესი გამოიწვია.
აქვე, ხაზი უნდა გავუსვათ, შემოსული ვიზიტორები აღნიშნავენ, რომ იმერეთსა და ქუთაისში მარშრუტების დასაგეგმად აქტიურად სარგებლობენ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე, საიტსა (https://kutaisi.travel/) და აპლიკაციაზე Kutaisi განთვსებული QR კოდებით,“-ამბობს DMO იმერეთის ხელმძღვანელი.