TOPNEWS » მთავარი თემა » “სირცხვილია, საქართველოს სიდიდით მესამე ქალაქს არ ემსახურებოდეს გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი”

“სირცხვილია, საქართველოს სიდიდით მესამე ქალაქს არ ემსახურებოდეს გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი”

“სირცხვილია, საქართველოს სიდიდით მესამე ქალაქს არ ემსახურებოდეს გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი”

ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება ქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობს. ცნობილია, რომ მომავალ წელს ბიუჯეტი 15 მილიონით იზრდება და 124 მილიონზე მეტი იქნება.

ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს ქუთაისის საკრებულოს წევრს, “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენელს ელეონორა არჩაიას. 

“მოგეხსენებათ, საკრებულოში მიმდინარეობს ქალაქ ქუთაისის 2026 წლის ბიუჯეტის განხილვის პროცესი. კრიტიკული შეფასების პარალელურად, მინდა წარმოგიდგინოთ იმ საკითხების არასრული ჩამონათვალი, რომლებიც ჩემი აზრით, პრიორიტეტული უნდა იყოს ბიუჯეტის შედგენის პროცესში.

ბევრჯერ ვთქვი და კიდევ განვმეორდები, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის ძირეული რეფორმა უნდა იყოს შემდგომი ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი! სირცხვილია, საქართველოს სიდიდით მესამე ქალაქს არ ემსახურებოდეს გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მაშინ, როდესაც კულტურული და სპორტული ღონისძიებებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 30 მილიონია გამოყოფილი. გაუმართლებელია, ტრანსპორტის განვითარებაში მხოლოდ 5.8 მილიონი ლარი იხარჯებოდეს. მუნიციპალიტეტმა უნდა შეიძინოს ახალი, გამართული, მაღალი ტევადობის ავტობუსები, დაამატოს ახალი სატრანსპორტო ხაზები, დაემატოს და რეაბილიტაცია ჩაუტარდეს ავტობუსის გაჩერებებს. ხოლო, სამარშუტო ტაქსები ეტაპობრივად მთლიანად უნდა გაუქმდეს ან ჩანაცვლდეს უახლესი ავტომობილებით! 

შემდეგი პრიორიტეტული საკითხი არის საგზაო ინფრასტრუქტურა და ქვეითთა უსაფრთხოება. გარდა ქუჩების რეაბილიტაციისა, აუცილებელია არსებული გზების მოხაზვა, ზებრა გადასასვლელების დამატება და არსებულის თავიდან გადაღებვა. ქალაქში დასამატებელია საგზაო ნიშები და შუქნიშნები! მოსაწესრიგებელია ტროტუარები, დასამატებელია ხელოვნური ბარიერები, რათა არ მოხდეს მანქანების უკონტროლო პარკირება. და ასევე დასამატებელია საპარკინგე სივრცეები. ქალაქში პრიორიტეტი უნდა გახდეს ქვეითი! 

შემდეგი პრიორიტეტი უნდა იყოს სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია. ქალაქში ჯერ კიდევ არის არაერთი ქუჩა თუ უბანი, სადაც ეს საკითხი უმძიმეს პრობლემას წარმოადგენს. წვიმის ან უამინდობის დროს კი, ამ პრობლემას ქალაქის ყველა მოსახლე საკუთარ თავზე გამოცდის. აუცილებელია, ამ საკითხს, რაც შეიძლება მეტი თანხა მიემართოს ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრისთვის.

ასევე მნიშვნელოვანია, ქალაქმა მეტი რესურსი ჩადოს ახალი მწვანე სივრცეების განვითარებასა და არსებულის უკეთ მოვლა-პატრონობაში. მისასალმებელია ქალაქის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია, თუმცა ქალაქის სხვა არაერთი პარკი საჭიროებს განახლებას და მეტ ყურადღებას. ასევე მნიშვნელოვანია, საღორიის ტყის გადარჩენა და მისი რეკრეაციული განვითარება. არ შეიძლება ქალაქის ფილტვები ჩვენს თვალწინ ნადგურდებოდეს. 

ქვეყანაში არსებული ინფლაციის დონის და საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდის პარალელურად, ეტაპობრივად უნდა გაიზარდოს ქუთაისში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფებისთვის გამოყოფილი დახმარებები. სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი და მარტოხელა დედები, შშმ პირები და შემწეობის მიმღები სხვა დანარჩენი პირები იმსახურებენ ღირსეულ ცხოვრებას და უკეთეს მხარდაჭერას მუნიციპალიტეტისგან. 

ყველას ესმის, რომ ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს ქალაქის ერთი წლის ბიუჯეტი ვერ მოაგვარებს. თუმცა, მნიშვნელოვანია ქალაქის მწირი სახსრები სწორად გადანაწილდეს და გათვალისწინებული იქნას მოსახლეობის მოთხოვნები. მომდევნო დღეებში, როგორც აქამდე, ისევ აქტიურად დავაყენებ ზემოთ ხსენებულ საკითხებს. ვიმედოვნებ, ბიუჯეტის შედგენის პროცესში მოხდება წამოყენებული პრიორიტეტების გათვალისწინება,”-ამბობს არჩაია. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu