ქუთაისის საკრებულოს წევრი, პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატი ელეონორა არჩაია ქალაქის ხელისუფლებას მიმართავს. ოპოზიციონერი დეპუტატი თანხების მობილიზებას და თამარ მეფის ქუჩაზე, შენობების ფასადების რეაბილიტაციის დაწყებას ითხოვს.
"თამარ მეფის ქუჩა ქალაქის ცენტრალური და ისტორიული ნაწილია. ის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და მნიშვნელოვანი ქუჩაა, აქ ყოველდღიურად ათასობით ადგილობრივი, ტურისტი თუ სტუდენტი გადაადგილდება. გარდა ამისა, მასზე არაერთი ისტორიული მნიშვნელობის შენობებსა და ძეგლებს გადააწყდებით. სამწუხაროდ, დღეს თამარ მეფის ქუჩის ინფრასტრუქტურული მდგომარეობა არასახარბიელოა. არაერთ მონაკვეთზე ქვაფენილები მოუწესრიგებელია, არ არის საკმარისი პარკირების სივრცეები. ამასთან, ღია ელექტროსადენები საფთხეს უქმნის ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებას.
გარდა ამ პრობლემებისა, თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო, მოუწესრიგებელ და დაზიანებულ გარე ფასადებზე. მიტოვებული და ზოგან თითქმის დანგრეული შენობები ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. გარდა ვიზუალური მხარისა, ბევრი ისტორიული მნიშვნელობის ძეგლიც ნადგურდება. არაერთი კვლევა ადასტურებს იმას, რომ ქალაქის ვიზუალური გაუმჯობესება, პირდაპირ აისახება მასში მცხოვრებ ადამიანების კეთილდღეობაზე. ფასადების მოწესრიგება ქალაქს მეტად მიმზიდველს გახდის, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ჩამოსული სტუმრებისთვის და ინვესტორებისთვის.
მივმართავ ქალაქის მერიას, ცენტრალური ხელისუფლების დახმარებითა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დაიწყოს დაზიანებული ფასადების სასწრაფო რეაბილიტაცია,"-აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი.