რეკლამა

ქუთაისის მერმა საზოგადოებას 2023 წლის საქმიანობის ანგარიში ჩააბარა

ქუთაისის მერმა საზოგადოებას 2023 წლის საქმიანობის ანგარიში ჩააბარა

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა საზოგადოებას 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. 

ქალაქის მერმა შეაჯამა ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2023 წლის განმავლობაში  გაწეული მუშაობა და ისაუბრა იმ პროექტებსა და პროგრამებზე, რომლებიც წარმატებულად განხორციელდა. 

" ქუთაისის მუნიციპალიტეტისთვის 2023 წელი გამორჩეული იყო მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებით, საერთაშორისო ფორუმებში აქტიური მონაწილეობით , წარმატებით დაძლეული გამოწვევებით და ყოველდღიური, სასიამოვნო  სიახლეებით. 2023 წელს ქუთაისი გახდა იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წევრი, ლიტერატურის მიმართულებით.  ქუთაისის, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქის დიდმა კულტურულმა  ტრადიციებმა და  ჩვენს მიერ სწორად შერჩეულმა  განვითარების პრიორიტეტებმა განაპირობა ის, რომ ისეთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, როგორიცაა იუნესკო, სწორედ ქუთაისი მიიჩნია ღირსეულად შემოქმედებითი ქალაქების ქსელის ახალი წევრი გამხდარიყო. 

ყოველწლიურად გაზრდილი ბიუჯეტი საშუალებას  გვაძლევს შესაბამისად გავზარდოთ დაფინანსება სხვადასხვა მიმართულებით. წელს ქალაქში, სხვადასხვა დაფინანსებით 100 მილიონამდე  ლარის  ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩავატარეთ. განახლდა გზები, ტროტუარები, მოვაწყვეთ სკვერები და სპორტული მოედნები, ახალი სიცოცხლე შეიძინა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე რამდენიმე შენობამ.

 6 მილიონ ლარზე მეტი გვქონდა განსაზღვრული სოციალური პროგრამებისთვის, რომლითაც ისარგებლა 25 000-მდე ბენეფიციარმა.  წელს, ტრადიციულად ვუმასპინძლეთ რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალს და ფორუმს. მნიშვნელოვანი სიახლეებია ქალაქის სპორტულ ინფრასტრუქტურაში. კვლავ პრიორიტეტად რჩება განათლების მხარდაჭერა. ქუთაისის მუნიციპალიტეტი უწყვეტად მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში.  2023 წლის განმავლობაში ქალაქმა საერთაშორისო ორგანიზაციებში 3 მილიონ ლარზე მეტი გრანტი მოიპოვა.

მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციას, ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატს ზაზა ლომინაძეს, ქალაქის საკრებულოს -  სხვადასხვა ეტაპსა და საფეხურზე  ქალაქის მხარდაჭერისთვის! 2024 წელს კიდევ უფრო მეტი ახალი პროექტი და პროგრამა გვაქვს დაგეგმილი, მათ შორის ისეთებიც, რომელთა შესრულებასაც  ათწლეულებია ველოდით და ამ მოლოდინის შესრულება ერთად უნდა შევძლოთ!" - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა. 

ქუთაისის მერის საანგარიშო შეხვედრას "შენგელია არენამ" უმასპინძლა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები