სომხეთის ელჩი საქართველოში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტით დაინტერესდა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, აშოტ სმბატიანი ეწვია.
ვიზიტისას სამუშაო შეხვედრა გაიმართა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელ დირექტორთან/რექტორთან ვახტანგ ცაგარელთან. შეხვედრის მთავარ მიზანს ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროში მჭიდრო კავშირების დამყარება და KIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სტრატეგიის ფარგლებში რეგიონული პარტნიორობის გაღრმავება წარმოადგენდა.
ღონისძიებას KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი მარიამ ნანეიშვილი და სომხეთის საელჩოს პირველი მდივანი არენ არაქელიანი ესწრებოდნენ.
ვახტანგ ცაგარელმა ელჩს დეტალურად გააცნო KIU-ს მიმდინარე საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები, კვლევითი პრიორიტეტები და ის უნიკალური შესაძლებლობები, რომლებსაც უნივერსიტეტი როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ სტუდენტებს სთავაზობს.
ვიზიტის ფარგლებში, საელჩოს დელეგაციამ ულტრათანამედროვე, ევროპული სტანდარტის საუნივერსიტეტო კამპუსი დაათვალიერა.





