ტყიბულის სოფელ გელათში მდებარე აგროსახლ "ქორენა"-ს დამფუძნებელი მაია კეზევაძე მედიაში გავრცელებულ იმ სტატიას ეხმიანება, რომელშიც ქუთაისის ცნობილ გრაფიტზე გამოსახული ბებოს ისტორიაა გაშუქებული.
იმერელო ბებოს სიმბოლო ქალი, რომელიც ქუთაისში, ვარლამიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სახლის კედელზეა გამოსახული, აგროსახლში მუშაობს.
"დალი ბებო რომ სიკეთის და სიყვარულის ბებოა, ჩვენთან მოსულმა ყველა სტუმარმა იცის. ისიც იცით ალბათ, აქ მოსული ადამიანები- ქართველი იქნება თუ უცხოელი, როგორი სიყვარულით და მოფერებით იხუტებენ გულში. იმერელი ბებოს სიმბოლოდ, ქუთაისის მერმა, ბატონმა იოსებ ხახალეიშვილმა შეარჩია. რამდენჯერმე სიუჟეტიც კი გადაიღეს პირადად ჩემთან სახლში და ნანახიც გექნებათ. გუშინ, როცა "ბათუმელების ჟურნალისტი გვესტუმრა, თავად ვერ გავყევი, რადგან ჩვენთანაც გადაღება იყო. არ ვიცი, ბებო ვინ დაარიგა ან ვინ უთხრა, თუ ასეთებს ისაუბრებდა უფრო დაეხმარებოდა ხალხი, თუმცა გამიმხილა: ასე მასწავლესო.
არ შემიძლია, აქვე არ ავღნიშნო ამ წლების მანძილზე რამდენი რამ გაკეთდა პირადად დალი ბებოს ოჯახისთვის.. იმას არ მოვყვები, პირადად ჩემგან და ჩემი ოჯახის წევრებისგან რამდენი რამ დღემდე.. ყველა დახმარება, რაც კი სახელმწიფო უწყებებს გაუკეთებია ხალხისთვის, ყველა მიღებული აქვს. თავად მე და სოფლის დეპუტატი გიორგი ავალიანი უდგას სათავეში.
ქარმა დააზიანა სოფელში უამრავი სახლი და მათ შორის დალი ბებოსი ყველაზე ნაკლებად, თუმცა ტყიბულის მერიამ მთლიანად გადაუხურა ახალი სახურავით. დაუფინანსდა თვალის ოპერაცია, რაც დააკლდა თანხა, თავად გადავეცით. სახლი კაპიტალურია და საჭიროებს რემონტს, თუმცა აქვს ყველა საჭირო ნივთი რაც ჭირდება. სარეცხი მანქანა როცა შევთავაზე საჩუქრად, მითხრა: ვერ ვიხმარ, მეშინიაო. სოციალური დახმარება რატომ მოუხსნეს, ეს თავადაც ძალიან კარგად იცის, თუმცა ასევე აღვნიშნავ: ძალიან ხშირად, ჩვენთან მოსული სტუმრები სოლიდურ თანხასაც კი ჩუქნიან.
ასევე აღვნიშნავ, ჩვენთან მუშაობა თვალის ოპერაციის გამო გაურთულდა, თუმცა მუშაობა ცოტა ისეთი ნათქვამია. ყოველთვის ჩემთან მყავს იმიტომ, რომ მისთვის ეს ცხოვრების ლამაზი ეტაპი იყო და არის. როცა ვეღარ შეძლო ბუხართან მუშაობა, მე მაინც ჩემთან მყავს და მაინც ვაძლევ იმ თანხას, რასაც "მუშაობის"პერიოდში ვაძლევდი. ჩემს მიერ დაწერილი ინფორმაცია შეგიძლიათ გადაამოწმოთ,"-ამბობს მაია კეზევაძე.
"82 წლის დალი დოღონაძე მთელმა საქართველომ ქუთაისში, სისხლის ბანკის შენობის კედელზე დახატული უზარმაზარი გრაფიტით გაიცნო.
გრაფიტი, რომელზეც იმერელი ბებო „ხაჭაპურის გამოხელვის“ პროცესშია გამოსახული, ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცა.
ნახატმა დალი დოღონაძეს პოპულარობა და ხალხის სიყვარული მოუტანა, თუმცა სხვა მხრივ მისი ცხოვრება არ შეცვლილა. ახლაც, ისევე როგორც უკანასკნელი წლები, დალი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს.
დალი დოღონაძე წარმოშობით ლეჩხუმიდანაა. სანამ ქმრის გვარზე გადავიდოდა, დალი ჩხეტიანი იყო, თუმცა ოჯახის შექმნის შემდეგ გვარი შეიცვალა და ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ გელათში დასახლდა.
„ღარიბული ცხოვრება იყო, იქეთაც და აქეთაც,“ – გვიყვება დალი საკუთარ თავზე და გვიხსნის, რომ სახლი, რომელშიც გვიმასპინძლა, საკუთარი ხელით ააშენა ქმართან ერთად.
საბჭოთა კავშირის დროს ჩაის მეურნეობაში მუშაობდა. მძიმე შრომას ეწეოდა. 90-იანი წლების სიმძიმე კი ქმართან ერთად სოფლის მეურნეობის გაძღოლით გადაიტანა. ჰყავდათ ძროხები და ამუშავებდნენ მიწებს და ასე მოყვანილი პროდუქციით ირჩენდნენ თავს.
დალი მეუღლის დაღუპვის შემდეგ შვილთან ერთად ცხოვრობს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. დედა-შვილის შემოსავალი 365 ლარია, 82 წლის ქალის პენსია,"-ნათქვამია სტატიაში.