ამბროლაურის მრავალფუნქციურ ცენტრში ჰერალდიკის საგამოფენო სივრცე მოეწყობა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტსა და სსიპ საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკისა და ჰერალდიკის დეპარტამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მრავალფუნქციურ ცენტრში ჰერალდიკის საგამოფენო სივრცის მოწყობა იგეგმება. სივრცეში განთავსდება საქართველოს ისტორიული და თანამედროვე სიმბოლოები, ასევე საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკის, სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებისა და ისტორიული წყაროების ამსახველი მასალები.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა დაათვალიერეს მრავალფუნქციურ ცენტრში ის სივრცეც, სადაც საგამოფენო სივრცის მოწყობა და მუდმივმოქმედი ექსპოზიციის განთავსებაა დაგეგმილი.
საგამოფენო სივრცის შექმნა ხელს შეუწყობს საქართველოს სახელმწიფო და მუნიციპალური სიმბოლიკის, ჰერალდიკისა და ისტორიული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, ასევე საზოგადოებისთვის ამ მიმართულებით არსებული კულტურული და ისტორიული რესურსების გაცნობას.
ჰერალდიკის საგამოფენო სივრცის გახსნა 2027 წლის მაისშია დაგეგმილი.
შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, რწმუნებულის მოადგილე ლევან ჯმუხაძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა ქევანიშვილი, მერის მოადგილე თამარ ქევანაშვილი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად მხეიძე და საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა გონგაძე.





