130 წლის ისტორიის ერთადერთი სასულე ორკესტრი ხონიდან

130 წლის ისტორიის ერთადერთი სასულე ორკესტრი ხონიდან

საქართველოში მხოლოდ ხონის კულტურის ცენტრში უკრავს 130 წლის სასულე ორკესტრი, რომლის სახალხოობა და წარსულის ისტორია საამაყოდაა შენარჩუნებული.

ხონის კულტურის ცენტრში სასულე ორკესტრის ბუკლეტის პრეზენტაცია გაიმართა, რომლსაც მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, მერის მოადგილე მანანა გოფოძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა კუბლაშვილი,  ადგილობრივი საჯარო მოხელეები, ორკესტრის გულშემატკივრები და ხელოვანები ესწრებოდნენ. 

საამაყოა, რომ საქართველოში პირველი სამოქალაქო სასულე ორკესტრი დაბა ხონში 1890 წელს სამასწავლებლო სემინარიის ბაზაზე ჩამოყალიბდა. ორკესტრის კაპელმაისტერად მოწვეული იქნა ცნობილი მუსიკოსი ანდრია სუსლოვი, რომელიც ოთხი წლის შემდეგ დავით უსოვმა შეცვალა. 1896 წლიდან ორკესტრს ხელმძღვანელობდა ჩეხი პროფესიონალი კაპელმაისტერი ანტონ ვიაჩესლავ ჰაუდეკი. 

სასულე ორკესტრმა მალე მოიპოვა პოპულარობა, წარმატებით გამოდიოდა სხვადასხვა ღონისძიებაზე, აწყობდა გასვლით კონცერტებს დაბას მოშორებულ სოფლებში, მონაწილეობდა აკაკი წერეთლის საიუბილეო საღამოზე. 

1918 წლიდან ორკესტრის ხელმძღვანელია ვალერიან ჭოლოკავა. ამ პერიოდში უკრავდნენ ცნობილი ადამიანები: პოეტი-აკადემიკოსი ირაკლი აბაშიძე, კომპოზიტორი ალექსანდრე ფარცხალაძე, მუსიკოსი კოტე კოპინაშვილი. 

1923 წელს კაპელმაისტერად მოწვეულ იქნა ნიჭიერი მუსიკოსი მიხეილ ჩემია, რომელმაც ორკესტრის შემადგენლობა 50 კაცამდე გაზარდა, ახალ სიმაღლეზე აიყვანა საშემსრულებლო ხელოვნება, მრავალფეროვანი გახადა რეპერტუარი. იგი აქტიურად თანამშრომლობდა ხონის თეატრთან და რეჟისორებთან. 

მეორე მსოფლიო ომის წლებში ორკესტრი ატარებდა კონცერტებს ადგილობრივ ჰოსპიტალებში, რისთვისაც ორჯერ დააჯილდოვეს საპატიო სიგელებით.

 1948 წელს, მიხეილ ჩემიას გარდაცვალების შემდეგ, ხელმძღვანელად დაინიშნა მისი აღზრდილი გიორგი მაღლაფერიძე, 1952 წელს კი ნიჭითა და განსაკუთრებული პედანტობით გამორჩეული _ აკაკი ხაჭაპურიძე. 1953 წლიდან კაპელმაისტერია შოთა ყუფარაძე, რომელსაც მუსიკალური განათლება და 15 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება მოსკოვში ჰქონდა მიღებული. 1963 წელს ხელმძღვანელობა გადაეცა ახალგაზრდა, ნიჭიერ კადრს ვაჟა ჩიხლაძეს, რომლის დაუღალავი მეცადინეობით ორკესტრმა არაერთი ღონისძიება გაულამაზა და დაუმშვენა ხონს და იმერეთს.

 არაერთხელ იქნენ მიწვეული სხვადასხვა ფესტივალსა თუ დათვალიერებაზე, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, საიდანაც უამრავი მადლობით, მედლებით, ჯილდოებით, ლაურეატის წოდებითა და პირველი ადგილით ბრუნდებოდნენ. 60-იან წლებში სასულე ორკესტრმა საესტრადო ჟანრშიც თქვა თავისი სიტყვა მიხეილ სებუას ხელმძღვანელობით. 

1979 წელს ორკესტრს მიენიჭა სახალხოს წოდება. 

1990 წლის 30 ნოემბერს ქალაქ ხონის ხელმძღვანელობამ, კულტურის მესვეურებმა და ინტელიგენციამ ღირსეულად აღნიშნეს სახალხო სასულე ორკესტრის 100 წლის იუბილე. 
1998 წლიდან ხელმძღვანელია ვაჟა ჩიხლაძის ვაჟი ედიშერ ჩიხლაძე. მას მხარში ედგა ძველი თაობის გამოცდილი მუსიკოს-შემსრულებელი შოთა რატიანი, რომელიც ძმებთან ერთად 40 წელი უკრავდა ორკესტრში. ასევე უკრავდნენ ძმები ალექსანდრე და ვახტანგ კოტიშაძეები, რეზო და ავთო ჩემიები, ავთო და მერაბ უგულავები; თამაზ ჩემია, ვლადიმერ (ბუთხუზ) კობეშავიძე, ომარ ავეტისიანი, ზურაბ ბულეიშვილი, ვანო გოგიავა, ბუხუტი უგრეხელიძე; ბორის, გიორგი, ვალოდია და ალექსანდრე ჩხენკელები; ვახტანგ, მიხეილ, ლევან და პეტრე ბახტაძეები; არჩილ, ოთარ და მიხეილ სანოძეები; ნოდარ, გივი და სერგო ჭავჭანიძეები; ვიტალი, ავთო, გაბრიელ და კოწია ჯიშკარიანები; ბადრი ჩიხლაძე, ალექსანდრე გენძეხაძ, მიხეილ სებუა, სტეფანე კიკნაძე, დავით სოსელია, კუკური გახოკიძე, ლევან ყუფარაძე, შოთა იობიძე, მურთაზ ყურაშვილი, ლეო გვენცაძე, მიტუშა სიმონიძე, გრიშა კოპალიანი, ლავე (ლევან) ჭავჭანიძე, ავთანდილ ჩალიგავა, მიხეილ ეფრემიძე, სოსო გორდაძე, მურმან ქუთათელაძე, რომან ღაღანიძე, კახა ბურჭულაძე, ინდიკო გოდერიძე, მურად ჭოლოკავა, დემურ სულაბერიძე, დავით ჩიხლაძე, თემურ ღვინცაძე, დავით უგრეხელიძე, ავთო ჯიშკარიანი, სოსო სანაია... დრო გადის... ერთ საუკუნეზე მეტი ხნის სასულე ორკესტრი ღირსეულად აგრძელებს თავის სახელოვან გზას, ისევ ახარებს მსმენელს და მაყურებელს. 

2010 წლიდან დღემდე კაპელმაისტერია ოლეგ სანაია _ თავმდაბალი, პროფესიონალი ხელმძღვანელი და თუ დღეს ორკესტრი მთელ დასავლეთ საქართველოში მხოლოდ ხონს შემორჩა, დიდია მისი დამსახურება. დღესდღეობით, ყველაზე მთავარი და სასიხარულო არის ის, რომ გამოცდილი მუსიკოსების რეზო ბახტაძის, მურად კუჭავას, ზურაბ ჯიშკარიანის, დავით კალატოზის, გია კალატოზის, თამაზ თვალოძის, ლაშა მაჭარაძის, გიგა სანაიას, თენგიზ ჭავჭანიძის, ლაშა ჭავჭანიძის, დავით ტორაძის, გიორგი ბახტაძის გვერდით დგანან და ერთგულად აგრძელებენ სახელოვანი წინაპრების გზას ახალგაზრდა გოგო-ბიჭები: ბარბარე და დავით კერესელიძეები, დემურ თვალოძე, მურთაზ ყურაშვილი, ნიკოლოზ და გიორგი ბუაძეები, ლუკა ბუაძე, მიშიკო უგრეხელიძე, თემურ დანგაძე. 

სახალხო სასულე ორკესტრს ხშირად იწვევენ დელეგაციებში, სატელევიზიო და რადიო გადაცემებში, საერთაშორისო თუ ქართულ ფესტივალებში, თუმცა არაერთგზის ლაურეატის წოდებასა და ჯილდოს შორის მისი ყველაზე დიდი წოდება ხალხის სიყვარულია. ფართო მასშტაბით ორკესტრი პირველად გამოჩნდა სახელოვანი ხონელი კინორეჟისორის ნანა მჭედლიძის ფილმში „იმერული ესკიზები“. ორკესტრზე გადაღებულია დოკუმენტური ფილმი „დუხავოი“ _ პირველი არხი; ორკესტრი მონაწილეობს დოკუმენტურ ფილმებში: „ფილმი ფილმზე _ იმერული ესკიზები“ _ პირველი არხი; „აქ ემღერება გულს“ _ სილქ უნივერსალი; „არაკი ჩემი მიწისა“ _ კავკასიის უნივერსიტეტი; „არის ასეთი ქვეყანა“ _ კინოკომპანია „კადრი XXI“. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები