სიახლე ზესტაფონში-რას გულისხმობს პერსონალური ასისტენტის პროგრამა?
1-ლი ოქტომბრიდან ზესტაფონის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის პროგრამა ამოქმედდება.
პერსონალური ასისტენტი შშმ პირს უწევს სხვადასხვა ტიპის დახმარებას დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
ეს არის მხარდაჭერა, რომელიც შშმ პირს ეხმარება ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში, განათლების მიღებაში, დასაქმებაში, საჯარო სერვისებით სარგებლობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობაში.
იმოქმედებს ასისტირების ორი სხვადახვა ტიპი, ესენია:
რეგულარული ასისტირება
სპეციალიზებული ასისტირება
რეგულარული ასისტირება მოიცავს დახმარებას ფიზიკური, სენსორული, მსუბუქი ან საშუალო გონებრივი შეზღუდვისა და ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებისთვის.
სპეციალიზებული ასისტირება მოიცავს დახმარებას მძიმე და ღრმა გონებრივი, მძიმე ფიზიკური ან მრავლობითი შეზღუდვის მქონე შშმ პირებისთვის.
პროგრამაში ჩართვა შეუძლია ზესტაფონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მცხოვრებ, 18 წლისა და უფროსი ასაკის შშმ პირს, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ დადასტურებული აქვს პერსონალური ასისტენტის მომსახურების საჭიროება.
ზესტაფონში აღნიშნული საჭიროების შეფასებას ახორციელებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულება, შპს „ჯეო ჰოსპიტალსი“.
"პროგრამით სარგებლობის მსურველმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს შესაბამისი განაცხადი და საჭირო დოკუმენტაცია.
მათ შორის:
* შშმ პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
* შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
* კანონიერი წარმომადგენლის ან მხარდამჭერის დოკუმენტაცია საჭიროების შემთხვევაში;
* დევნილისა და ვეტერანის მოწმობა შესაბამისი სტატუსის არსებობის შემთხვევაში.
პროგრამის საწყის ეტაპზე პერსონალური ასისტენტით სარგებლობას 15 პირი შეძლებს.
მომსახურებას უზრუნველყოფს ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი „ორიონი“.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ საკონტაქტო ნომერზე: 0 492 25 26 26,"-ნათქვამია ზესტაფონის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





