ჭიათურის საკრებულოს სხდომაზე 92 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
ჭიათურაში, საკრებულოს სხდომაზე მამაკაცი გარდაიცვალა-ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქის მერობის ყოფილი კანდიდატი ნოდარ ჩაჩანიძე ავრცელებს.
"ძალიან მძიმე ამბავი მოხდა გუშინ ჭიათურაში... სოფელ შუქრუთიდან რამდენიმე ადამიანი იყო ჩასული ქალაქში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. მათ რეგისტრაცია უნდა გაევლოთ საკრებულოს მომავალი სხდომის წინ იმისთვის, რომ სიტყვით გამოსვლის უფლება ჰქონოდათ სხდომაზე. თანასოფლელებთან ერთად იყო სოფლის უხუცესი, 92 წლის თენგიზ ნოზაძე.
რეგისტრაციის გავლის შემდეგ, მათ საუბარი ჰქონდათ საკრებულოს თავმჯდომარესთან. საუბარი შეეხებოდა სოფელ შუქრუთს, მანგანუმის მოპოვების გამო სახლების ნგრევას და სოფლის ქვეშ მდებარე მაღაროებს. ბატონმა თენგიზმა სხვების მოსმენის შემდეგ სიტყვა ითხოვა, რამდენიმე წინადადების თქმა მოასწრო და ყველასთვის მოულოდნელად, ადგილზე გარდაიცვალა... სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მისი გადარჩენა ვეღარ შეძლო.
თენგიზ ნოზაძე განსაკუთრებულად განიცდიდა სოფელ შუქრუთში მიმდინარე უმძიმეს პროცესებს. ის ერთ-ერთი ხელმომწერი იყო იმ წერილების, რომლებიც რამდენიმე კვირის წინ შუქრუთის მოსახლეობის სახელით შევიდა მთავრობის კანცელარიაში, იმერეთის გუბერნიაში, ჭიათურის მერიაში და საკრებულოში.
მისი ბოლო წინადადებები დაახლოებით ასეთი იყო: "92 წლის კაცი ვარ, მთელი სიცოცხლე მაღაროში ვიმუშავე და ვერსად ვეღარ წავალ ახლა... გთხოვთ ნუ დაანგრევთ სოფელს, ნუ გაგვამწარებთ..."
ვუსამძიმრებ ბატონი თენგიზის ოჯახს და მთელ ჭიათურას. ღმერთმა უმრავლოს ჩვენს ქვეყანას მასსავით მართალი და გულიანი ხალხი,"-ამბობს ნოდარ ჩაჩანიძე.





