რეკლამა

ქუთაისელმა ძალოსნებმა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე 7 ოქროს, 5 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

ქუთაისელმა ძალოსნებმა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე  7 ოქროს, 5 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

მიმდინარე წელი ქუთაისელი ძალოსნებისთვის წარმატებულად  მიმდინარეობს. ჩვენმა ძალოსნებმა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე  7 ოქროს, 5 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ა.(ა.)ი.პ. სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე  ძალოსნებს დარბაზში ესტუმრა,  წარმატებული ასპარეზობა მიულოცა და მომავალ ტურნირებში გამარჯვებები უსურვა.

მიმდინარე წელს ქუთაისელმა ძალოსნებმა არაერთ მაღალი დონის ტურნირზე ისახელეს თავი.

საქართველოს ნაკრების წევრი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი შოთა მიშველიძე ახლახანს საუდის არაბეთში ჩატარებულ  მსოფლიო ჩემპიონატზე, (სადაც პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების ქულები თამაშდებოდა), ატაცში  ბრინჯაოს მედლის   მფლობელი გახდა.

იქამდე კი შოთა მიშველიძემ ერევანში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი აიღო.

ბუქარესტში გამართულ 20 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე თორნიკე ლომთაძემ აკვრაში, 96 კგ. წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ერევანში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე კი აკვრაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ბუქარესტში გამართულ  23 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე გურამ გიორბელიძემ 67კგ. წონით კატეგორიაში 3 ოქროს მედალი მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონატზე ამავე ასაკში ზაზა ლომთაძემ 2 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

ირაკლი გობეჯიშვილი 23 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე  3 ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.  

მოლდოვაში გამართულ ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 17 წლამდე გოგონათა შორის (76 კგ.) ნანა ხორავას შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა. ქუთაისელმა ძალოსანმა სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

მოლდოვაში გამართულ  ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე  წარმატებით იასპარეზა ლუკა ლომაშვილმა, რომელიც  61 კგ. წონით კატეგორიაში ორ ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

,,ქუთაისის ძალოსნობის ნაკრები გუნდი, როგორც დიდებში, ასევე ახალგაზრდებსა და ჭაბუკებში, ყოველთვის წარმატებული იყო, მაგრამ წლევანდელი წელი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე მოპოვებული მედლებით, განსაკუთრებით ნაყოფიერი გამოდგა.  დარჩენილი გვაქვს საქართველოს ჩემპიონატი და ვიმედოვნებთ, იქაც წარმატებით გამოვალთ. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ჩემპიონატზე ისეთი კონკურენციაა, აქ თუ ძალოსანი ჩემპიონი გახდა, ფაქტობრივად ევროპის ჩემპიონატზეც გარანტირებული აქვს მედალი. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ბიჭებს, თავდაუზოგავი შრომისთვის და წარმატებული ასპარეზობისთვის, ასევე ქალაქის ხელმძღვანელობას, სპორტული ააიპის მმართველ კობა ფხაკაძეს, რომელიც ყოველთვის მხარში გვიდგას. ვეცდებით, რომ წარმატებული ასპარეზობა გავაგრძელოთ და სამომავლოდაც გავახაროთ ჩვენი თანაქალაქელები,"- აღნიშნა ქუთაისის ძალოსნობის ნაკრების მწვრთნელმა ილია თვალოძემ.


ტეგები:

Facebook - კომენტარები