ქუთაისში “STEAM ბანაკი" გაიხსნა
ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილესთან ლევან ღირსიაშვილთან და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერთან ლევან კოპალიანთან ერთად, “STEAM ბანაკის” გახსნაში მიიღო მონაწილეობა.
“STEAM ბანაკი” 22-26 ივნისს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება. ბანაკი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ქვეპროგრამის „STEAM განათლება“ ფარგლებში, საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის ეწყობა.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 500-მდე მასწავლებელი 288 საჯარო სკოლიდან ხუთდღიანი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გაივლის ინტენსიურ პრაქტიკულ ტრენინგებს STEAM განათლების მიმართულებით და გაეცნობა თანამედროვე სასწავლო მიდგომებს, ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და STEAM აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების პრინციპებს.
ბანაკის დასრულების შემდეგ, მონაწილე მასწავლებლები, 2026-2027 სასწავლო წლიდან, საკუთარ სკოლებში დააფუძნებენ STEAM კლუბებს, რომლებიც მოსწავლეებს დამატებით შესაძლებლობას მისცემს, ჩაერთონ მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, ხელოვნებისა და მათემატიკის ინტეგრირებულ სასწავლო აქტივობებში.
სამინისტროს ინიციატივით, პროექტი უკვე მესამე წელია ხორციელდება და მიზნად ისახავს საჯარო სკოლებში საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიური და შემოქმედებითი მიმართულებების გაძლიერებას.





