ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მემილიონე მგზავრს მასპინძლობს.
აეროპორტის ინფორმაციით, 15 საათსა და 30 წუთზე ფრანკფურტიდან დაეშვება ბორტი, რომელსაც მემილიონე მგზავრი მოყვება.
"ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, ქუთაისში, ცისფერყანწელთა ქუჩაზე მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება; წარმოდგენილი იქნება: ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ინტეგრირებული აუდიო გამოფენა ეკრანებით და ყურსასმენებით, სადაც ნაჩვენები იქნება საგანგებოდ ამ დღისთვის შექმნილი ვიდეო რგოლი ქუთაისის აეროპორტის 70 წლიან ისტორიასთან დაკავშირებით. ასევე, საარქივო მასალა ქალაქის პირველი აეროპორტით.
გაიმართება ლექცია თემაზე - „ქუთაისის ავიაციის ისტორია“; ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იქნება სპეციალური ინსტალაციები და საბავშვო ვორქშოფები, ასევე, დღის ბოლომდე სხვა მრავალი საინტერესო და სახალისო აქტივობა იქნება წარმოდგენილი.
მემილიონე მგზავრთან დაკავშირებით, ქალაქში მიმდინარე აქტივობის პარალელურად, ღონისძიების მთავარი ნაწილი გაიმართება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც საზეიმოდ იქნება გაფორმებული. 15:30 საათზე აეროპორტში დაეშვება თვითმფრინავი ფრანკფურტიდან მემილიონე მგზავრით.
რეისის მგზავრებს ფრანკფურტშივე ბორტზე დახვდებათ მემილიონე მგზავრის ღონისძიებასთან დაკავშირებით სპეციალური ბრენდირებული სამგზავრო ბალიშები ე.წ. ბრენდირებული თაგით, რომელზეც დატანილი იქნება QR კოდი და ტელეფონით დასკანერების შემთხვევაში გადაიყვანს აეროპორტის ვებგვერდზე www.kutaisi.aero, სადაც მოგზაური გაეცნობა ინფორმაციას აეროპორტისთვის როგორც მნიშვნელოვანი თარიღის შესახებ, ასევე იქნება ფუნქციური და გაეცნობა ინფორმაციას იმერეთის რეგიონისა და ქუთაისის ღირშესანიშნაობების შესახებ. ასევე, ეკრანებზე გავა ქუთაისის აეროპორტის საიმიჯო ვიდეო რგოლი, რომელიც სპეციალურად მემილიონე მგზავრის და აეროპორტის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით შეიქმნა.
რეისის თითოეული მგზავრი ტერმინალში შემოსვლისას გაივლის ეკრანების გვირაბს სპეციალური კონტენტით, რომელიც აწყობილი იქნება იმერეთის ღირშესანიშნაობებითა და პეიზაჟებით. სპეციალური ხმა მიესალმება ისტორიული რეისის განსაკუთრებულ სტუმრებს. საპასპორტო კონტროლის გავლისას რეისის თითოეულ მგზავრს დაურიგდება პეტრე ოცხელის ,,მფრინავი მღებავის“ პასპორტის ჩასადები მემილიონეს ბრენდირებით.
საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ, ბარგის გაცემის სივრცეში მგზავრებს დახვდებათ ღვინო და ქართული ნუგბარი. ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი კი საგანგებოდ ამ პერფორმანსისთვის მრავალჟამიერს შეასრულებს. ღონისძიების კულმინაცია კი იქნება საბარგო ლენტზე გამოსული მემილიონე მგზავრისთვის დაბრენდილი სპეციალური ჩემოდანი სასაჩუქრე ნაკრებით.
მემილიონე მგზავრის მიღებასთან დაკავშირებით საღამოს 18:00 საათზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერასაზე გაიმართება ღონისძიების დასკვნითი ნაწილი, სადაც მოწვეული იქნებიან აეროპორტის ვეტერანი თანამშრომლები, რომლებსაც ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილისა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის სახელით ავიაციის ისტორიაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის გადაეცემათ სპეციალური სიგელები და მედლები. ასევე, ტერასაზე გაიმართება აეროპორტის საიმიჯო ვიდეო რგოლის პრეზენტაცია, სადაც კომუნიკაციაში პირველად იქნება შემოტანილი ქუთაისის აეროპორტის 70 წლიანი ისტორია, რომ ქუთაისის აეროპორტი არის რეგიონში მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ხელს უწყობს იმერეთის და დასავლეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და საქართველოში ჩამოსული სტუმრებისათვის ქართული მოგზაურობის საწყისი წერტილი. სწორედ, ეს მრავალწლიანი ისტორიის მქონე აეროპორტი პირველად, წლის ჭრილში მასპინძლობს მემილიონე მგზავრს და წლის ბოლომდე მილიონ ნახევარ მოგზაურს მოემსახურება,"-ნათვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.