რა გახდა ქუთაისში მესამე კურსის სტუდენტის გარდაცვალების მიზეზი?
ქუთაისში, ერთ-ერთ კლინიკაში მშობიარობის შემდეგ 20 წლის გოგოს გარდაცვალებაში ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ.
არსებული ინფორმაციით, 20 წლის ლიკა ტალახაძემ ორი კვირის წინ სენაკის სამშობიარო სახლში იმშობიარა, რამდენიმე დღის წინ კი მისი მდგომარეობა გართულდა და ქუთაისში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მომხდარის გამო, ხმაური იყო ექსპერტიზის ბიუროსთან. ახლობლები, ქალის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას ითხოვენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
ლიკა ტალახაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი იყო. სასწავლებლის ადმინისტრაცია, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მისი გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობენ მის ოჯახსა და ახლობლებს.
მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს “კლინიკა ბომონდი”, სადაც ახალგაზრდა გოგონა გარდაიცვალა.
“პაციენტი ლ. ტ. მიმდინარე წლის 10 მარტს გადმოყვანილ იქნა ბომონდში, როგორც მესამე დონის კლინიკაში, კატასტროფის ბრიგადის მიერ, მარტვილის კლინიკიდან მძიმე მდგომარეობაში. პაციენტს 2 კვირის წინ სენაკში, ჩაუტარდა საკეისრო კვეთა.
“კლინიკა ბომონდში” პაციენტს ჩაუტარდა კვლევების სრული პაკეტი. კლინიკო-ლაბორატორიულად დაუდასტურდა მწვავე ქირურგიული პათოლოგია. ოპერაციის მიმდინარეობისას განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. სამწუხაროდ პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება,”-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.





