“წელს კახეთსა და რაჭაში რეკორდული რაოდენობის ყურძენი გადამუშავდება”
16 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს მევენახეობის რეგიონებში, 303 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა.
აქედან, კახეთში გადამუშავებულია 297 ათასამდე ტონა. ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებული ყურძნიდან 155 ათასამდე ტონა რქაწითელი, 125 ათასამდე ტონა საფერავი, დანარჩენი კი, სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, გადამუშავებულია 2,5 ათასი ტონა ყურძენი, აქედან 2,4 ათასი ტონა ალექსანდროული და მუჯურეთულია.
“ამ ეტაპის მონაცემებით, წელს კახეთსა და რაჭაში რეკორდული რაოდენობის ყურძენი გადამუშავდება. რაჭაში რთველი დასასრულისკენ მიდის; მოსავლის დიდი ნაწილი დაბინავებულია. წელს რეკორდული - 2 ათას ტონაზე მეტი მოსავალი უკვე მივიღეთ. რთველს პიკურმა პერიოდმა გაიარა. მევენახეები მოსავალს შეუფერხებლად აბინავებენ. წელს რაჭაში ყურძენი განსაკუთრებით ხარისხიანია, საშუალო შაქრიანობა 22%-ია, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ წლევანდელი მოსავლის რაჭული ღვინო იქნება განსაკუთრებული და მაღალხარისხიანი“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.
რეგიონში მოსავალი 1200-მა მევენახემ დააბინავა. რთველის პროცესში 50-მდე ღვინის საწარმოა ჩართული.

















