ქუთაისში საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ საწვრთნელი ბაზის რეაბილიტაცია დაიწყო.
“სპორტულ ბაზაზე კეთდება დიდი, სტანდარტული მოედანი, რომელსაც ირლანდიული კომპანია „სისფიჩი“ (SIS Pitches) მოაწყობს. ასევე, გაკეთდება მცირე და ქვიშის მოედნები.
მიმდინარეობს სასადილოს რეაბილიტაცია.
განახლებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასადილო განკუთვნილი იქნება როგორც „ტორპედოს“ ფეხბურთელებისთვის, ისე საფეხბურთო აკადემიის მოსწავლეებისთვის. იქვე მოეწყობა სამედიცინო სივრცე, შესაბამისი აღჭურვილობით, შენდება ახალი სატრენაჟორო დარბაზი.
"ტორპედოს" საწვრთნელი ბაზის რეაბილიტაცია ჩვენს ქალაქში ფეხბურთის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება,”-ამბობს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი.