რეკლამა

რას ნიშნავს ე.წ. "შავი სია" და რამდენ ხანს ინახავს მსესხებლის მონაცემებს პროგრამა?

რას ნიშნავს ე.წ. "შავი სია" და რამდენ ხანს ინახავს მსესხებლის მონაცემებს პროგრამა?

2023 წელს ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა 7%-ით შემცირდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „კრედიტინფოს“ ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა ლაშა ბაღათურიამ განუცხადა.

„ე.წ. შავი სია, რომელიც საზოგადოებაში ყველაზე ცნობილია, არ არსებობს, მაგრამ არსებობს საკრედიტო ჩანაწერი და როდესაც ვადაგადაცილებული სესხი ფიქსირდება, თუნდაც ერთი დღის, იგი ავტომატურად ეგზავნება კრედიტინფოს და ბაზაში ისახება“, - განაცხადა ლაშა ბაღათურიამ.

ლაშა ბაღათურია ასევე განმარტავს, თუ რის შემდეგ ხდება ვადაგასული სესხების ბაზიდან ინფორმაციის წაშლა: „ეს ჩანაწერი მანამ რჩება, სანამ მსესხებელი არ დაფარავს ვადაგადაცილებას. ბაზიდან ვადაგადაცილების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მაშინ იშლება, რაც მსესხებელი სესხს სრულად დაფარავს და დაფარვიდან 5 წელი გავა.“

ამასთან, ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ 2023 წელს, ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა 7%-ით შემცირდა და სიაში რაოდენობრივად ყველაზე მეტი, სამომხმარებლო სესხები მოხვდნენ.

„2023 წელს ეს მაჩვენებელი 7%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ვადაგადაცილებული სესხების სიაში, რაოდენობრივად, ყველაზე მეტად ხვდებოდნენ სამომხმარებლო სესხები, მაგრამ თუ თანხების მოცულობით შევხედავთ, ამ კუთხით, ბიზნეს სესხები ლიდერობენ, თავისთავად, რადგან ისინი კორპორატიულ სესხებში შედიან“, - აღნიშნა ლაშა ბაღათურიამ.

ცნობისთვის, საქართველოში მსესხებლების 10,4%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან. „კრედიტინფოს“ 2023 წლის დეკემბრის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 201 047 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 383 830 -ს შეადგენს. რაც შეეხება მოცულობას, საუბარია, 2 042 932 474 ლარის ვადაგადაცილებულ კრედიტებზე.

საერთო ჯამში, დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 928 641 ადამიანს აქვს, ჯამში 44 104 324 482 ლარის მოცულობის.


ტეგები:

Facebook - კომენტარები