ვინ გაუწევს კონკურენციას “ქართულ ოცნებას” ქუთაისში, კახიანოურის საარჩევნო ოლქში?
ქუთაისის საკრებულოს, კახიონოურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, პარტია „გახარია - საქართველოსთვის” სახელით ეკატერინე ბაკურაძე იბრძოლებს.
“ორიოდ სიტყვით მოგიყვებით ჩემს შესახებ: დავიბადე ქუთაისში, ჩემი ოჯახი კახიონოურის მაცხოვრებელია თითქმის 100 წელია. ამ უბანში გავატარე მთელი ჩემი ცხოვრება და ჩემი ოჯახიც აქ ცხოვრობს.
როგორც ბევრ ქალს ქუთაისში, მეც მომიწია ემიგრაციაში წასვლა და არასრულწლოვანი შვილების გარკვეული დროით დატოვება. ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, მაგრამ უპერსპექტივობის პირობებში ჩემი შვილების მომავალი ჩემთვის უპირველეს პრიორიტეტს წამოადგენდა.
ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, მომეცა უკეთესი მომავლის იმედი და საქართველოში დავბრუნდი. დიდი ხნის მანძილზე მჯეროდა, რომ ღირსეული შრომით და სახელმწიფოს მხარდაჭერით შევძლებდი ჩემი და ჩემი ოჯახისთვის სათანადო პირობები შემექმნა. სამწუხაროდ ეს იმედები ვერ გამართლდა, და განვითარების და წინსვლის მაგივრად ქვეყანამ პირიქით უკან დაიწყო სვლა.
სამწუხაროდ, ჩემი შვილების თაობას იგივე გზის გავლა უწევს. ქალაქი იცლება ახალგაზრდებისგან, არ არის მომავლის იმედი, არ არსებობს მათვის პერსონალური თუ კარიერული ზრდის პერსპექტივა. ჯერ კიდევ უმძიმესი სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების წინაშე ვდგავართ. სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება ჩავერთო პოლიტიკაში და ვიბრძოლო კახიანოურის მოსახლეობის ინტერების დასაცავად!
ვერთვები უთანასწორო ბრძოლაში რათა ყველა ქუთაისელისთვის შევქმნა უკეთესი გარემო. ვიბრძოლებ ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის, ხელმისაწვდომი და ეფექტური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნისთვის, რეკრეაციული, კულტურული და სპორტული სივრცეების განვითარებისთვის. დაუღალავად ვიბრძოლებ ნეპოტიზმის და კორუფციის წინააღმდეგ. გავაკეთებ ყველაფერს რაც ქუთაისს და კახიანოურს გახდის თანამედროვე და ყველასთვის მიმზიდველ ადგილს ცხოვრებისთვის.
ამ ბრძოლაში გვერდს მიმაგრებს “გახარია - საქართველოსთვის” ქუთაისის შესანიშნავი გუნდი, განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო Eleonora Archaia • ელეონორა არჩაია, რომელიც კახიანოურს წარმოადგენდა წლების მანძილზე და დაუღალავად და უსიტყვოდ ემსახურებოდა მას. მერწმუნეთ ასეთივე ძალისხმევით და შემართებით დავდგები ყველა კახიანოურელის გვერდში და მივიტან თქვენს სათქმელს ყველგან სადაც ხმა მიმიწვდება,”-ამბობს ბაკურაძე.

















