ონში სახალხო დღესასწაული “ონელობა 2025” გაიმართება

ონში სახალხო დღესასწაული “ონელობა” აღინიშნება. მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობას სახალხო დღესასწაულს ულოცავს.
“ძვირფასო ონელებო, ჩემო მეგობრებო და სტუმრებო!
დღეს სახალხო დღესასწაული „ონელობა 2025“აღინიშნება. ეს მნიშვნელოვანი დღე ჩვენს ქალაქში უკვე 17 წელია აერთიანებს ონზე შეყვარებულ ადამიანებს და გვახსენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია სიყვარული ჩვენი ქალაქისადმი, ჩვენი კუთხისადმი.
ონელობა არის ტრადიციების, ერთიანობისა და მრავალფეროვნების ზეიმი. ეს დღე გვახსენებს, რომ ეთნიკური, კულტურული თუ სპორტული მრავალფეროვნება ჩვენი ძალაა და ჩვენი სიმდიდრეა. სწორედ ეს ღირებულებები აძლიერებს ონის და აქ მცხოვრები თითოეული ჩვენგანის მომავალს. ჩვენი ვალია, პატივი ვცეთ წინაპართაგან მიღებულ მემკვიდრეობას, გავუფრთხილდეთ ჩვენს ისტორიულ და კულტურულ სიმდიდრეს, სადაც იკითხება ონის სახე და მისი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ჩვენი ქალაქის მთავარი სიმდიდრე თქვენ ხართ – ონის მოქალაქეები. თქვენ ქმნით ამ ქალაქის რეალობას, თქვენ ანიჭებთ მას სიცოცხლეს, სითბოსა და მომავლის რწმენას.
მოხარული ვარ, რომ დღეს ონის საპატიო მოქალაქის წოდებას ვანიჭებთ იმ ადამიანებს, ვინც განსაკუთრებული ღვაწლითა და თავდადებით გამოირჩევა, ვინც თავისი შრომითა და სიყვარულით ამშვენებს ჩვენს მუნიციპალიტეტს. ისინი არიან მაგალითი თითოეული ჩვენგანისთვის. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ონელობა!
ჩვენი ქალაქი ონი ყოფილიყოს მუდამ ერთიანობის, სიხარულისა და ღირსების სიმბოლო,”-ამბობს სერგი ხიდეშელი.
“ონელობა 2025”-ის ჩატარების არეალი ქალაქის ცენტრალურ ნაწილს, დავით აღმაშენებლის მოედანს და გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარს მოიცავს.
დღესასწაულის სტუმრები გაეცნობიან ოთხი მუნიციპალიტეტის ეთნოგრაფიულ ნიმუშებს, ფოლკლორს და კულინარიას.
"ონელობა 2025“ -ის ტრადიციულ დღესასწაულზე ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების მიერ მოხდება საპატიო და ღვაწლმოსილი ონელების, დაჯილდოება. დღესასწაულის დასკვნითი ნაწილი გალა კონცერტით დაიხურება.