ჭიათურის სამი სოფელი 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს

ჭიათურის სოფელ სკინდორში საქონდრიის სატუმბი სადგურის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, წყალმომარაგება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება მუნიციპალიტეტისთვის, ამიტომ მსგავსი პროექტების განხორციელება პრიორიტეტს წარმოადგენს.
პროექტის ფარგლებში, სკინდორში, წინსოფელსა და ჭილოვანში აშენდა წყალმომარაგების მაგისტრალი და რეზერვუარები. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სოფლები 24-საათიანი წყალმომარაგებით აქამდე არასდროს სარგებლობდნენ.
“პროექტის შედეგად, დაახლოებით 800-მდე აბონენტს უზრუნველყოფილი ექნება უწყვეტი წყალმომარაგება, რაც დადებითად აისახება მოსახლეობის ყოველდღიურ პირობებზე.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე წყალმომარაგების სისტემის ქსელის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სოფელ მანდაეთშიც, რაც მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების მიმართულებით მიმდინარე მასშტაბური პროცესების კიდევ ერთი მაგალითია.
ჩვენი მიზანია, თითოეულ სოფელში გავაუმჯობესოთ ცხოვრების პირობები. წყალმომარაგების სისტემის განახლება სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
მადლობას ვუხდი რეგიონული განვითარების ფონდს მხარდაჭერისთვის და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდა,”-ამბობს გივი მოდებაძე.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.