ამბროლაურის მერია: მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან

ამბროლაურის მერია განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მდინარე რიცეულაზე არ ფიქსირდება წყლის დაგუბება ან სხვა სახის სტიქიური პროცესები. შესაბამისად, რაიმე სახის საფრთხე არ არსებობს.
“გაცნობებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდინარე რიცეულაზე შექმნილი მდგომარეობა წარმოადგენს საფრთხეს, არ შეესაბამება სიმართლეს.
დღეს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, მათ შორის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური („112“), რომლებმაც ადგილზე შეამოწმეს მდინარის მდგომარეობა. მდინარეზე არ ფიქსირდება წყლის დაგუბება ან სხვა სახის სტიქიური პროცესები. შესაბამისად, რაიმე სახის საფრთხე არ არსებობს.
გვსურს განვმარტოთ, რომ 2025 წლის იანვარში აღნიშნულ ტერიტორიაზე დაფიქსირდა მეწყრული პროცესის გააქტიურება. შესაბამისი სამსახურების დროული რეაგირების შედეგად, ტერიტორა გაიწმინდა და აღდგა მდინარის კალაპოტის გამტარიანობა. იმავე პერიოდში, სპეციალისტების მიერ ჩატარებული გეოლოგიური კვლევის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტი, შესაბამის სპეციალისტებთან ერთად, პერიოდულად ახორციელებს ტერიტორიის მონიტორინგს.
მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. ვითარება სრულად კონტროლდება და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება,”-ნათქვამია განცხადებაში.