მულტიფუნქციური სკვერი-ახალი სივრცე ხონისთვის
ხონში, სოლომონ მეორის ქუჩაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი, სხვადასხვა ასაკის მოქალაქეზე გათვლილი მულტიფუნქციური სკვერი გაიხსნა.
„ეს სკვერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თავშეყრის ადგილი გახდა ჩვენს ქალაქში. ყოველდღიურად ვხედავ უამრავ ახალგაზრდას, ბავშვსა და უფროსს, რომლებიც საღამოობით აქ იკრიბებიან. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პროექტი წარმატებულია.
როცა საკითხს იდეის დონეზე განვიხილავდით, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ამ სასიკეთო საქმეში კერძო სექტორიდან პარტნიორი გვყოლოდა. ძალიან სასიხარულოა, რომ თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა ხონელებისთვის პატივსაცემმა ბატონმა ვახტანგ წივწივაძემ. სწორედ მისი ჩართულობით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების თანადაფინანსებით შევძელით ამ ახალი სივრცის შექმნა.
ახლა ჯერი თქვენზეა – გთხოვთ გაუფრთხილდეთ, არ დააზიანოთ და ერთად შევინარჩუნოთ. მხოლოდ ასე შევძლებთ ბიუჯეტის დაზოგვას და სხვა ახალი ადგილების ათვისებასა და განაშენიანებას,“- განაცხადა ხონის მერმა ლადო ჯურხაძემ.
სკვერი აღჭურვილია დასასვენებელი ზონებით, საბავშვო მოედნით, სპორტული კუთხითა და ღია საზოგადოებრივი სივრცით.

















