ქუთაისში დამსახურებულ პედაგოგს 85 წლის იუბილე მიულოცეს

ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალში - გ. მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში, სკოლის პედაგოგს, გალინა კაპანაძეს 85 წლის იუბილე მიულოცეს.
საიუბილეო საღამოზე დამსახურებულ ხელოვანს სახელოვნებო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მადლობის სიგელი გადასცა გაერთიანების მმართველის მოადგილემ ელისო ქაროსანიძემ.
ასევე, საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირმა გალინა კაპანაძე განათლების დარგში მრავალწლიანი, პროფესიონალური და ერთგული მოღვაწეობისათვის “ოქროს სიგელით" დააჯილდოვა. სიგელი გადასცა გაერთიანების განათლების განყოფილების უფროსმა, ამასთანავე, იმერეთის პედაგოგთა კავშირის თავმჯდომარემ მაყვალა ქობულაძემ.
გალინა კაპანაძე დაიბადა 1939 წლის 25 ივლისს. დაამთავრა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი ფერწერის მიმართულებით, სადაც ასწავლიდნენ გამოჩენილი მხატვრები: გივი თოიძე, უჩა ჯაფარიძე, ნიკოლოზ კანდელაკი, რეზო კაკაბაძე, კოტე კიკნაძე. როგორც სტუდენტი, ხშირად დადიოდა ელენე ახვლედიანის სახელოსნოში და იძენდა გამოცდილებას. დამსახურებულ პედაგოგს წლების განმავლობაში მიღებული აქვს არაერთი სიგელი და ჯილდო.