ჭიათურის მაღაროებში თანამშრომელთა შერჩევის მეორე ეტაპი 6 მაისს დაიწყება

ჭიათურის საწარმოების რეორგანიზაციის პროცესში, განახლებულ საშტატო პოზიციებზე განცხადებების მიღების ეტაპი წარმატებით დასრულდა-ინფორმაციას ამის შესახებ “ჭიათურა მენეჯმენთ კომპანი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შერჩევის მეორე ეტაპი დაიწყება 6 მაისს, რაც თანამშრომლებთან კომისიურ გასაუბრებას ითვალისწინებს.
“გასაუბრებები გაიმართება წარმოდგენილი განცხადებების შესაბამისად. მათ ჩაატარებენ მოწვეული ექსპერტები, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები. გასაუბრების მთავარი მიზანია თანამშრომელთა კვალიფიკაციის შეფასება და მათი ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისობის დადგენა მათ მიერ შერჩეულ პოზიციებთან.
მადლობას ვუხდით ყველა თანამშრომელს აქტიური ჩართულობისა და პროცესში მონაწილეობისათვის.
ინფორმაციისთვის დამატებით გაცნობებთ, რომ ძირითადი პოზიციები სრულად დაკომპლექტდა, თუმცა გარკვეულ სპეციალობებზე შეინიშნება კადრების ნაკლებობა.
შეგახსენებთ, რომ რეორგანიზაციის მიზანი არა მხოლოდ საწარმოს ფინანსური მდგრადობის აღდგენა, არამედ სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნებაა.
წარმოების განახლების გეგმის მიხედვით, 2026 წლის პირველი იანვრისთვის კომპანიამ უნდა დაძლიოს ფინანსური კრიზისი, აღარ იფუნქციონიროს ზარალზე და დაიწყოს სტაბილური ოპერირება.
ჩვენ გვჯერა, რომ თანამშრომლების პროფესიონალიზმი და ერთიანი ძალისხმევა უმნიშვნელოვანესი იქნება ამ მიზნის მიღწევაში და საწარმოს წარმატებული მომავლის უზრუნველყოფაში,”-აცხადებენ
კომპანიაში.