„სტიქიის ზონაში მუშაობს 103 ერთეული მძიმე ტექნიკა, რომელიც მაშველების ზედამხედველობით შველა-ძიების სამუშაოებს ახორციელებს. მოხერხდა მდინარის მეორე ნაპირზე გადასვლაც, არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა და ამ დროისთვის 10 ლოკაციაზე ვმუშაობთ“ - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, რაჭის სტიქიის ზონიდან, განაცხადა.
მინისტრმა გაყვანილი გზის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომლის საშუალებითაც, სტიქიის ზონიდან ავტომანქანების გამოყვანა მოხერხდა. სპეციალური ტექნიკის დახმარებით, გუშინ და დღეს, ჯამში - 20 ერთეული ავტომანქანა გამოიყვანეს. მინისტრის განმარტებით, ამ ეტაპზე, სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს ე.წ კოტეჯებისა და ქვაბულის ტერიტორიაზე.
„ყველა სამუშაო მიმდინარეობს იმისთვის, რომ ვიპოვოთ ცხედრები. ამ ეტაპზე, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, საფიქრალი და საზრუნავი ეს არის. რეალურად, პირველივე დღიდან სამუშაოებში ყველა რესურსი ჩართულია, ემატება ტექნიკა, რომლის გამოყენებაც, ამ ვითარებაში, ყველაზე ეფექტიანია. აღარაფერს ვამბობ იმ დიდ ძალისხმევაზე, რომელიც, ამ დღეების განმავლობაში, უშუალოდ მაშველებმა, ჯარისკაცებმა და მძიმე ტექნიკის ოპერატორებნა გასწიეს.“ - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.