რა ცვლილებებია კომპანია “საქნახშირში”?

კომპანია “საქნახშირი”
საწარმოში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
“საქნახშირი” ევროპული სტანდარტების სრული დაცვით იწყებს მუშაობას!
ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, საქნახშირში დასაქმებულების ცოდნისა და კვალიფიკაციის შემოწმების პროცესი წარმატებით განხორციელდა. საწარმოს გამოცდილ სპეციალისტებთან ერთად, პროცესს უძღვებოდნენ პროფესორი გელა მაჩაიძე (დამუშავების ტექნოლოგიის სპეციალისტი), პროფესორი რეზო მოლოდინი (ელექტრონიკისა და ტექნიკის სპეციალისტი) და პროფესორი თემურ კუნჭულია (შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი).
ახალი შახტის პროექტი თითოეულ თანამშრომელს საშუალებას აძლევს, გაიღრმაოს ცოდნა, გაიუმჯობესოს გამოცდილება ან აირჩიოს სრულიად ახალი პროფესია.
მოპოვების და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ახალი, ევროპული სტანდარტები და ტექნოლოგიები დაინერგება. ამიტომ, სპეციალისტების ცოდნის შემოწმება და გადამზადება მნიშვნელოვანია. სწორედ ევრო სტანდარტების გათვალისწინება და შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალის მომზადება არის მთავარი პირობა, რომლის შესრულებაზეც დამოკიდებულია ახალი პროექტების განხორციელება.
ამასთან დაკავშირებით, საქნახშირში რეორგანიზაციისა და კადრების ოპტიმიზაციის პროცესი 3 თვის წინ დაიწყო და 1 იანვარს დასრულდება. 350 დასაქმებულმა უკვე მიიღო ახალი კონტრაქტი და გადადიან ახალ სახელფასო სისტემაზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათ შემოსავალს.
რეორგანიზაციის შედეგად 38 სამუშაო ადგილი შემცირდა, თუმცა, თითოეულ მათგანს კომპანიამ 3-4 თვიანი გადამზადება შესთავაზა, რომელსაც საქნახშირი დააფინანსებს. პარალელურად, მიიღებენ სრულ ხელფასს, ისარგებლებენ დაზღვევით, კვების მომსახურებით. გადამზადების შემდეგ, ჩააბარებენ გამოცდას და შესთავაზებენ ახალი კონტრაქტს. ყველა, ვინც გაივლის გადამზადებას, დასაქმებული იქნება საქნახშირში.
24 დეკემბრის 15:00 საათის მდგომარეობით, 38 შემცირებული ადგილიდან 20 ადამიანმა ხელი მოაწერა გადამზადების კონტრაქტს. დანარჩენ 18 ადამიანს საშუალება ეძლევა, ჩაერთოს გადამზადების პროგრამაში 1 იანვრამდე,”-აცხადებენ კომპანიაში.