რეკლამა

„კრიმინალებს და კრიმინალებთან დამეგობრებულ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ჩემი და ჩემი ოჯახის ნაშრომს არ შევარჩენ“

„კრიმინალებს და კრიმინალებთან დამეგობრებულ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ჩემი და ჩემი ოჯახის ნაშრომს არ შევარჩენ“

ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანები სამართალს ვერ პოულობენ. ხელისუფლების მხრიდან რეპრესიებს ხელისუფლებასთან დაახლოებული კრიმინალების მხრიდან წნეხი ემატება. 


გიორგი ქვაცაბაია ერთ-ერთია, ვინც ახალი ამბების სააგენტო „ტოპნიუსთან“ კრიმიალური სამყაროს მიერ მოქალაქეებისათვის დიდი ოდენობით თანხების დაკისრებასა და პოლიციის მხრიდან უმოქმედობაზე საუბრობს. გიორგი 2015 წლიდან პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. მისი პოლიტიკური ბიოგრაფია არაერთ საპროტესტო აქციას და წნეხს ითვლის. მთავარი პრობლემა, რის გამოც გიორგიმ ჩვენს რედაქციას მომართა, კრიმინალების მხრიდან მისი ოჯახისათვის დიდძალი თანხის დაკისრება და სამართალდამცავი სტრუქტურების უმოქმედობაა. 


გიორგი გვიყვება, რომ ის მონაწილეობდა რიონის ხეობაში, ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ მიმართულ აქციებში, რომელშიც კრიმინალებიც აქტიურად იყვნენ ჩართული და პროტესტის მონაწილეების დაშინებას ცდილობდნენ. როგორც გიორგი ამბობს, იმის გამო, რომ პროექტი დროებით, ხალხის პროტესტმა გააჩერა, კრიმინალები მას კომპენსაციის სახით 100 000 დოლარის გადახდას სთხოვდნენ.  


„2021 წლის დეკემბრის საღამო იყო, რიცხვი არ მახსოვს, როდესაც ჩემთან სახლში, ჩემთვის უცნობი სამი მამაკაცი მოვიდა. როგორც შემდეგ გაირკვა, ესენი იყვნენ კანონიერ ქურდ „მუსუსას“ წარმომადგენლები და 100 000 დოლარს ითხოვდნენ ჩემი ოჯახისგან, რადგან მეც ერთ-ერთი ვიყავი, ვინც ჰესების წინააღმდეგ მიმართულ პროტესტში ვმონაწილეობდი და რადგან პროექტი გაჩერდა, მათი თქმით, მე კომპენსაცია უნდა გადამეხადა. იყვნენ შეიარაღებულები და თქვეს, რომ თუ ამ ფულს არ გადავიხდიდით, გადაგვიწვავდნენ ვენახებს, სახლებს და ჩვენს ოჯახს ფერფლად აქცევდნენ. შეშინებულმა მამაჩემმა თანხის დასაფარად დრო ითხოვა. კრიმინალებმა კი განაცხადეს, რომ ფულის წასაღებად მალე დაბრუნდებოდნენ. მე და მამაჩემმა ყველა ღონე ვიხმარეთ, რომ ფული მოგვეძიებინა, მაგრამ ვერაფერს გავხდით. სწრაფად არც ბიზნესი იყიდებოდა, ამიტომ, იძულებული გავხდით, ქვეყანა დაგვეტოვებინა და პოლონეთში წავედით. თქვენ კარგად იცით, ევროპაში, უვიზო მიმოსვლის წყალობით ქართველი კანონიერი ქურდების ძალაუფლება გაზრდილია და მარტივად შეეძლოთ ვეპოვეთ და ჩვენთვის ზიანი მოეყენებინათ, ამიტომ, წასვლამდე ორივემ გვარი შევიცვალეთ. პოლონეთში მშენებლობაზე ვმუშაობდით. სამუშაო რთული იყო, მაგრამ ძალ-ღონეს არ ვიშურებდით. მშენებლობაზევე ვრჩებოდით და გარეთ გამოსვლას ვერიდებოდით, რომ კანონიერი ქურდებისთვის მარტივად მისაგნები არ ვყოფილიყავით,“-ამბობს გიორგი ქვაცაბაია. 


გიორგი მას შემდეგ გახდა იძულებული პოლონეთი მამასთან ერთად დაეტოვებინა, რაც მას და მამას ქუჩაში, ტაძრიდან მომავალს თავს დაესხნენ და სცემეს იმ მოტივით, რომ ისინი „რუსები“ იყვნენ. ნაცემი მამა-შვილი დახმარებისთვის პოლიციის უახლოეს განყოფილებაში მივიდა, სადაც მათი საჩივარი არ მიიღეს. უთხრეს, რომ მსგავსი პატარა საკითხებისთვის დრო არ ჰქონდათ. მამა-შვილი რამდენიმე დღე სახლში მკურნალობდა და იმის გამო, რომ მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, 2022 წლის დეკემბერში ოჯახი იძულებული გახდა, კვლავ საქართველოში დაბრუნებულიყო. 



როგორც გიორგი ქვაცაბაია გვიყვება, საქართველოში დაბრუნებულებს სახლში მათ კვლავ მიაკითხეს კანონიერი ქურდების წარმომადგენლებმა და თანხა მოთხოვეს. ისინი ამჯერად ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული და მამა-შვილის ცემა დაიწყეს. შეშინებულმა გიორგი ქვაცაბაიას მამამ დავით ჭოხონელიძემ კრიმინალებს ის 20 000 დლარი მისცა, რომელიც მამა-შვილმა პოლონეთში მუშაობის დროს გამოიმუშავეს. 



„კრიმინალები წავიდნენ, თუმცა თქვეს, რომ ისევ დაბრუნდებოდნენ. მე საშინელი ტკივილები მქონდა, რის გამოც მამამ საავადმყოფოში წამიყვანა. საავადმყოფოში ყოფნის დროს მე ვესაუბრე პოლიციელს, მივაწოდე ინფორმაცია მომხდარის შესახებ. კრიმინალების პირისპირ სრულიად მარტო, დაუცველი აღმოვჩნდი. როგორც უკვე გითხარით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვარ 2015 წლიდან და პარტიის საქმიანობაში აქტიურად ვარ ჩართული. შევუერთდი იმ საპროტესტო ტალღას, რომელიც საქართველოში 2023 წლის მარტში იყო, რადგან მოქალაქეებს არ უნდოდათ ხელისუფლებას რუსული კანონი მიეღო. 2023 წლის 7, 8 და 9 მარტს, როცა აქციები პიკში იყო, მაშინ ვიდექი რუსთაველის გამზირზე. მთავრობა სხვადასხვა მეთოდით ცდილობდა მომიტინგეების დაშლას. არ ერიდებოდნენ არც წყლის ჭავლს, არც წიწაკის სპრეის და არ ცრემლსადენ გაზს. ასევე, ნიღბიანი პირები გვიღებდნენ ფოტოს და ვიდეოებს. წიწაკის სპრეი დამიზნებით, მიზანმიმართულად შემასხეს თვალში და თან დააყოლეს, რომ მე ბინძური უნდა მომკვდარიყავი. ამას აკეთებდნენ რობოკოპები. აუტანელი და მტანჯველი ტკივილი მქონდა, რის გამოც ჩემმა მეგობარმა მარკიზი ქობულაძემ ქუთაისში წამომიყვანა და მკურნალობის კურსს გავდიოდი“, -ამბობს გიორგი ქვაცაბაია.


გიორგი გვიყვება, რომ მისი პოლიტიური საქმიანობა არაერთ საპროტესტო აქციას ითვლის. ის მონაწილეობდა ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის დარჩენის მოთხოვნით გამართულ აქციებში. გიორგი ასევე ჩართული იყო და ეხმარებოდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში. ის იყო ერთ-ერთი, რომელიც ქუთაისში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, 90-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ფიზიკურ დაპირიპირებაში მოყვა. აღნიშნულ უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი იგებდა არჩევნებს, რის დაშვებასაც უბანთან მყოფი „ქართული ოცნებისა“ და კრიმინალების წარმომადგენლები არ აპირებდნენ.


გიორგი იმასაც ამბობს, რომ პოლიტიკური ნიშნით, ბევრჯერ სცემეს, ასევე, ბევრჯერ იყო პოლიციის მხრიდან ჩაგვრისა და კონტროლის მსხვერპლი. განსაკუთრებული პრობლემები კი მას შემდეგ შეექმნა, რაც კრიმინალებმა მის ოჯახს დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოთხოვეს. 


„2023 წლის 10 მარტი იყო, როდესაც ორმა პოლიციელმა ჩემი სახლიდან პოლიციის განყოფილებაში წამიყვანა. მათ დამიწყეს დაკითხვა, თუ რატომ წავედი აქციაზე, ვინ წამიყვანა, რამდენი გადამიხადეს და ზოგადად ვინ იდგა აქციების უკან. მე არ დამიმალავს ჩემი პოზიცია, რომ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ერთად ვიმყოფებოდი, რადგან არ მინდოდა, ჩემი ქვეყანა რუსეთის გზას გაყოლოდა. მათ მომთხოვეს რომ ჩამოვშორებოდი საპროტესტო აქციებს და ყოველგვარ პროტესტს, წინააღმდეგ შემთხვევაში დამაკავებდნენ და შემეძლო ციხიდან გამომეხატა პროტესტი. მათ ისიც ახსენეს, რომ მთავრობის წინააღმდეგ ადრეც გამომიხატავს პროტესტი, მათ შორის „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმართულ აქციაზე. რადგან ჩვენ ფული არ გვქონდა, წავიდნენ ჩვენი ყურძნის მოსავლის შემსყიდველთან და მის მიერ ჩვენთვის მოსაცემი თანხა, დაახლოებით 10 000 დოლარი მათ წაიღეს. გამწარებული მამაჩემი პოლიციის განყოფილებაში მივიდა და კანონიერი ქურდების თავგასულობაზე საჩივრის დაწერა უნდოდა, თუმცა საჩივრის მიღებაზე ადგილზე უარი განუცხადეს. უფრო მეტიც, მამაჩემს დასცინეს, მისი შვილის პოლიტიკური ორიენტაცია შეახსენეს, დააყოვნეს და როდესაც რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს, უთხრეს, რომ მსგავსი სისულელით ისინი მეტად აღარ შეეწუხებინა, თორემ მორიგ ჯერზე უფრო მკაცრი სასჯელით დაემუქრნენ. ამის შემდეგ კანონიერი ქურდები ისევ მივიდნენ ჩვენს სახლში, ისევ ფულის მოთხოვნა დაგვიწყეს, რის გამოც მე გადავწყვიტე, რომ გაჩერების დრო არ იყო. თქვენთან მოსვლამდე ცნობილი ადვოკატის, ლელა ტუკვაძის საადვოკატო ბიუროში ვიყავი, რომელთანაც გავიარე კონსულტაცია და დავიგეგმეთ სამომავლო ნაბიჯებზე. კრიმინალებს და კრიმინალებთან დამეგობრებულ ხელისუფლებას ჩემი და ჩემი ოჯახის ნაშრომს არ შევარჩენ. მათი უკანონო მოქმედება ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. მე მინდა თქვენი საშუალებით მივმართო მათ: არ შეგარჩენთ უკანონობას. ასევე, მინდა მივმართო სხვა, კრიმინალებისგან და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან ჩემსავით გამწარებულ ადამიანებს: შემომიერთდით, დამიჭირეთ მხარი, ერთად დიდი ძალა ვართ და ბევრი შეგვიძლია,“-ამბობს გიორგი ქვაცაბაია. 



ტეგები:

Facebook - კომენტარები