ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი ახალგაზრდებს შეხვდა.
შეხვედრა GIZ-ის "კარგი ფინანსური მართვის პროგრამის" ფარგლებში, (GIZ Good Financial Governance Programme (GFG) 2025 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, მოქალაქეთა ჩართულობის ახალი პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა.
მოქალაქეთა ჩართულობის პროგრამა საპილოტეა. ინიციატივის მიზანია, მუნიციპალიტეტში, ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, კონსულტაციების გამართვის კარგი პრაქტიკა შეიქმნას.
ახალი საპილოტე პროგრამის ფარგლებში, ხარაგაულის მერმა ახალგაზრდებთან ერთად საინტერესო და მნიშვნელოვანი იდეა განიხილა.
კობა ლურსმანაშვილმა ახალგაზრდებს ახალგაზრდული ცენტრის რეაბილიტაციის იდეა გაუზიარა და მათგან ახალგაზრდული ცენტრის ფუნქციების და კონცეფციის შესახებ მოისმინა იდეები და მოსაზრებები.
ახალგაზრდული ცენტრის რეაბილიტაცია კულტურის ცენტრის შენობაში მოიაზრება, სადაც საკმაოდ დიდი მოცულობის დარბაზი უკვე წლებია უფუნქციოდაა და რეაბილიტაციას საჭიროებს.
ახალგაზრდებმა მადლობა გადაუხადეს მერს ასეთი ფორმატის შეხვედრისთვის და იმ საჭიროებებზე ისაუბრეს, რაც ახალგაზრდული ცენტრის განხორციელების შემთხვევაში უნდა დაკმაყოფილდეს.
"ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა ღირებული შესაძლებლობაა მუნიციპალიტეტისთვის. ძალიან საინტერესო იყო ახალგაზრდების საჭიროებების მოსმენა და მათი მხრიდან ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამებისა და ღონსიძიებების შეფასება.
ჩვენ მოვისმინეთ ახალგაზრდების მოსაზრებები, რას ისურვებდნენ და რა უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა მათთვის. ამას მათ ნაცვლად ვერავინ ვერ განსაზღვრავს, ამიტომ გადავწყვიტეთ მეტი კომუნიკაცია, რომ ვიცოდეთ როგორია მათი გეგმები.
უნდა მოხდეს ამ იდეების შეჯერება, უნდა გავნვსაზღვროთ, რა არის მნიშვნელოვანი, რა უფრო მოიცავს ახალგაზრდების ინეტერესებს. ეს იქნება ინტეგრირებული სივრცე, რომელიც ზუსტად უნდა იყოს მორგებული ახალგაზრდების ხედვებს.
მთავარია, რომ შეხვედრა შედგა, კომუნიკაცია გაიმართა, ახალგაზრდული ცენტრის რეაბილიტაციის პროექტის შესყიდვისას გათვალისწინებული იქნება ის იდეები და მოსაზრებები, რაც შეხვედრისას გაჟღერდა. ასევე ღიად და საჯაროდ გაიმართება პროექტის პრეზენტაცია, რაც კიდევ ერთხელ მოგვცემს მისი დახვეწის შესაძლებლობას,"-განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.
ახალგაზრდებთან შეხვედრისას ხარაგაულის მერმა მოქალაქეთა ჩართულობის ახალი პროგრამა და დღის მთავარი საკონსულტაციო საკითხები, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორთან, მამუკა ჭიპაშვილთან და მერის თანაშემწესთან, ჟანა ნემსაძესთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსთან, ინგა ბერაძესთან ერთად განიხილა.
პროგრამის პრეზენტაციისას, ასევე მოხდა 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ახალგაზრდული ღონისძიებების მიმოხილვა და საუბარი შეეხო 2025 წლის ბიუჯეტში მოაზრებულ ახალგაზრდულ ღონისძიებებს.
მოქალაქეთა ჩართულობის ახალი პროგრამის მიზანია, ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა, მოსახლეობის ნდობის მოპოვება და საჯარო ფინანსების შედეგზე ორიენტრიებული ეფექტური მართვა.