ცაგერში, მეწყრული კერების გააქტიურების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე, ჩამოიშალა ქვა-ღორღიანი მასა, რამაც აღნიშნული გზის ჩაკეტვა გამოიწვია.
დაზიანდა ასევე, ელექტრო გადამცემი სადენები და მთავარი ძაბვის საყრდენი ბოძები, რის გამოც ელექტროენერგია არ მიეწოდება ტვიშის თემს.
არსებული მდგომარეობა ადგილზე იქნა შესწავლილი გეოლოგთა ჯგუფის მიერ, რომელთა რეკომენდაციის შესაბამისად, უკვე რამდენიმე დღეა ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება გზის გაწმენდითი სამუშაოები. აგრეთვე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობს ტერასების მოწყობა, ახალი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით.
"პარალელურ რეჟიმში დაზიანებულ უბნებზე "ენერგოპრო ჯორჯიას" ჯგუფების მიერ მიმდინარეობს ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები. ამ დროისთვის ტვიშის თემი სარგებლობს ალტერნატიული/შემოვლითი გზით. არსებული გზის გაწმენდითი სამუშაოები, ინტენსიურ რეჟიმში, გაგრძელდება რათა დროულად იქნეს აღდგენილი გადაადგილება,"-აცხადებენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.
სტიქიის ზონაში არსებულ სიტუაციას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, მოადგილესთან- ალუდა თუთისანთან და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან ზალკალიანთან ერთად გაეცნო.