სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში პაპუნა მარგველიძე ონის მოსახლეობას "ონელობის" სახალხო დღესასწაულს ულოცავს.
"გილოცავთ- ონელობას!
წლევანდელი ონელობის თემა- გიგა ჯაფარიძე და მისი საუკუნოვანი იუბილეა. ჩვენთვის დიდი პატივია დღევანდელი დღე მივუძღვნათ, საოცარი ადამიანის, ყველა დროის დიდი რაჭველის- გიგა ჯაფარიძის 100 წლის იუბილეს, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ პატივისცემა და სიყვარული, მისი პიროვნებისა და შემოქმედებისადმი.
სიმბოლურია, რომ დღევანდელ ღონისძიებას მისივე სახელობის ბულვარი უმასპინძლებს, ასევე ყველასათვის საამაყოა, რომ ონის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლი ატარებს- გიგა ჯაფარიძის სახელს.
ბატონი გიგა ჯაფარიძე გახლდათ, 1961 წლიდან ონის სახალხო თეატრის დამაარსებელი, რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. 1996 წელს მას მიენიჭა- ღირსების ორდენი ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის, რაჭული ფოლკლორის გადარჩენისა და მოვლა-პატრონობის საქმეში დიდი დამსახურებისათვის. 1980 - წელს კი მას მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, ის გახლდათ მრავალი საკავშირო და რესპუბლიკური ფესტივალების ლაურეატი.
მე ამაყი ვარ, რომ მქონდა პატივი და შესაძლებლობა რაჭის დიდ შემოქმედთან ბატონ- გიგასთან ურთიერთობის.
ონელობა, როგორც დღესასწაული 2008 წლიდან აღინიშნება და წელს მე-16 ონელობას ვზეიმობთ. გამონაკლისი იყო გასული 2023 წელი, რომელიც ურთულესი და გამოწვევებით დატვირთული აღმოჩნდა ონის მუნიციპალიტეტისათვის და მეტიც იყო ადამიანების დაკარგვით გამოწვეული ტრაგედიები, სამწუხაროდ შოვის სტიქიურმა უბედურებამ 33 ჩვენი თანამოქალაქე იმსხვერპლა, რის გამოც მინდა კიდევ ერთხელ გამოვთქვა ჩემი ღრმა წუხილი თითოეული დაკარგული სიცოცხლის გამო. მინდა მათი ოჯახის წევრებს ვუსურვო გამძლეობა და სიმტკიცე, ამავე დროს მინდა მადლობა ვუთხრა სტიქიის პირველივე წუთებიდან სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ ყველა პირს გაწეული, თავდაუზოგავი შრომისთვის.
თანაცხოვრება ებრაელთა და ქართველებს შორის თვალსაჩინო მაგალითია, თუ რაოდენ მეგობრული და ტოლერანტულია ეს პატარა ქალაქი, აქ ნახავთ ‘’სინაგოგას’’- ებრაელთა სამლოცველო სახლს, მათ წინაპართა საძვალეს, ქუჩებს ებრაული სახელწოდებებით. ყოველივე ეს გახლავთ ქალაქის ისტორია, რაც დიდი მონაპოვარია და რასაც შენარჩუნება სჭირდება.
კვლავ, ონის სიყვარულით და ერთიანობით, ჩვენ ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით ვაგრძელებთ ონის განვითარებისა და წინსვლისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორცელებას. მოგეხსენებათ იგეგმება მრავალძალსა და სხარტალში ახალი, მსხვილი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის რაჭას. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის მხარდაჭერისათვის. ეს არის უწყვეტი პროცესი, ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს და მომავალშიც განხორციელდება არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ონის და მთლიანად რაჭის საკეთილდღეოდ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ონელობას,"-ამბობს პაპუნა მარგველიძე.