შოვში, სტიქიის ზონაში ამ დრომდე გრძელდება სამაშველო ოპერაცია. ადგილზე 150-მდე მაშველი და პოლიციის თანამშრომელია მობილიზებული. ცოტა ხნის წინ მეწყრის ზონიდან მათ 140 მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს, თუმცა ჯერ კიდევ არიან ისეთები, ვისთანაც კავშირი ამ დრომდე არ აღდგენილა. სამწუხაროდ სტიქიის ზონაში მაშველებმა 6 გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს.
რაც შეეხება დაკარგულებს, მათ შესახებ ინფორმაციას ახლობლები და ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. მათ შორის არის ზაზა მესხი, ოჯახით.
მის შესახებ "ფეისბუქზე" ავთო ყავლაშვილმა დაწერა, რომელსაც AMBEBI.GE დაუკავშირდა:
- ზაზა და მისი ოჯახი ჩამოსულები არიან ჰოლანდიიდან, ისვენებდნენ რაჭაში, უწერაში, ჩემს კოტეჯში, ორშაბათიდან. გუშინ 12 საათზე, ზაზა ცოლთან და 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად წავიდნენ შოვში, დასათვალიერებლად და საღამოს აღარ მობრუნებულან. ვეღარც ტელეფონზე ვუკავშირდებით, გათიშულია. ამ დრომდე არაფერი ვიცით მათ შესახებ.
- ახლობელი ქალბატონი ელოდება კოტეჯში. სამწუხაროდ ფოტო არ მაქვს ოჯახის, მხოლოდ ზაზას ფოტო მაქვს. ზაზას მეუღლეს ალინა ჰქვია, უკრაინელი ქალბატონია. ბავშვები მცირეწლოვანებია, სამივე ბიჭებია, სახელები არ ვიცი.
- რა მანქანით იყვნენ?
- შავი ბეემბეთი.