პარიზის ოლიმპიადის მე-15 დღეს საქართველომ ორი ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) პარიზის ოლიმპიადაზე ჩემპიონობა იზეიმა. ის ფინალში ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდა, მეტოქე ანგარიშით 10:9 დაამარცხა და კარიერაში პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა. გენო პეტრიაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ძიუდოისტ ლაშა შავდათუაშვილის შემდეგ გახდა მეორე ქართველი სპორტსმენი, რომელმაც სამივე სინჯის მედლის მოპოვება შეძლო.
პარიზის ოლიმპიადაზე მესამე ოქროს მედალი მოიპოვა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ (+102 კგ). ქართველი სპორტსმენი ზედიზედ მესამედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენმა ატაცში 215 კგ დააფიქსირა, აკვრაში 255 დაძლია, ორჭიდის ჯამში კი 470 დააგროვა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ლაშა ტალახაძე გახდა პირველი სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიური ოქრო სამჯერ მოიგო, საქართველოს ისტორიაში კი ლეგენდარული ვიქტორ სანაევის შემდგომ მეორე სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობა სამჯერ იზეიმა. ბერძენი პიროს დიმასის, კახი კახიაშვილის (1992 წელს მან ოქრო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის გაერთიანებული გუნდის შემადგენლობაში, 1996 და 2000 წლებში კი - საბერძნეთის სახელით მოიგო), თურქების ხალილ მუტლუსა და ნაიმ სულეიმანოღლუს შემდეგ ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ისტორიაში მეხუთე ძალოსანია, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა, ის ასევე მსოფლიოში პირველი ძალოსანია, რომელმაც მძიმე წონაში ოლიმპიური ოქრო სამჯერ მოიგო.
ოქროს მედლისთვის აგრძელებს ბრძოლას გივი მაჭარაშვილი (97 კგ). მან ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე მაგომედხან მაგომედოვს ანგარიშით 5:0 სძლია და კარიერაში პირველად ოლიმპიადის ფინალში 11 აგვისტოს იჭიდავებს.
10 აგვისტოს პარიზში იასპარეზეს ოლიმპიადის დებიუტანტებმა ძალოსანმა ირაკლი ჩხეიძემ (102 კგ) და გოდერძი ძებისაშვილმა (65 კგ).
აღსანიშნავია, რომ 2008 წლის პეკინის ოლიმპიადის შემდეგ საქართველომ სამი ოქროს მედალი პირველად მოიპოვა. ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ექვსი ოლიმპიური მედალია: სამი ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. 11 აგვისტოს მდგომარეობით საქართველო მედლების რაოდენობით 24-ე ადგილზე იმყოფება.