კითხვები და პასუხები, რომლებიც 1 -ლი სექტემბრიდან დაემატა ქალაქის გამოცდას:
1. განმარტოს, როგორ მოწმდება ძრავში ზეთის აუცილებელი დონის არსებობა პასუხი:
პასუხი: ჰორიზონტალურ სიბრტყეზე გამორთული ძრავით მდგომი ავტომობილის ძრავიდან ამოღებული უნდა იქნეს ზეთის დონის შესამოწმებელი ცეცი, რომელიც გაწმენდის შემდეგ კვლავ თავსდება მის ბუდეში და განმეორებით ამოღების შემდეგ მასზე მოწმდება ზეთის კვალი, რომლის ზედა ზღვარი უნდა იყოს ცეცზე აღნიშნული მაქსიმუმისა და მინიმუმის ნიშნულებს შორის;
2. განმარტოს, როგორ მოწმდება რეზერვუარში სამუხრუჭო სითხის აუცილებელი დონის არსებობა
პასუხი: სამუხრუჭო სითხის დასაშვები მაქსიმალური და მინიმალური დონეების ნიშნულების მქონე რეზერვუარში სამუხრუჭე სითხის დონე უნდა იყოს აღნიშნულ ნიშნულებს შორის;
3. განმარტოს, როგორ მოწმდება მუშა მუხრუჭის გამართულობა
პასუხი: ძრავის ჩართვამდე მუხრუჭის სატერფულზე რამდენჯერმე დაწოლის შემდეგ, სატერფულზე მუდმივ რეჟიმში ერთ დონეზე ზემოქმედებისას (სატერფულზე დაჭერილი ფეხის გაჩერებით) უნდა ჩაირთოს ძრავა. ძრავის ჩართვამ უნდა გამოიწვიოს სატერფულის გარკვეულ დონემდე (არა ბოლომდე) თავისუფლად დაშვება, რის შემდეგ, სატერფულზე არ უნდა შეიგრძნობოდეს ზედმეტი სირბილე. ამასთან, მოძრაობის პირობებში დამუხრუჭებისას სატრანსპორტო საშუალებას არ უნდა „ქაჩავდეს“ გვერდზე;
4. განმარტოს, როგორ მოწმდება სადგომი მუხრუჭის გამართულობა
პასუხი: ჰორიზონტალურ სიბრტყეზე სრულად ჩართული სადგომი მუხრუჭით, ძრავიდან გამორთული ტრანსმისიით მდგომი სატრანსპორტო საშუალების ადგილიდან დაძვრა (გაგორება) ადამიანის მიერ ხელის მიწოლით შეუძლებელი უნდა იყოს;
5. განმარტოს, სად მოიძიება ინფორმაცია საბურავებში რეკომენდებული ჰაერის წნევის შესახებ
პასუხი: ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ინსტრუქციაში ან სატრანსპორტო საშუალების ძარაზე ქარხანა-დამამზადებლის მიერ დამაგრებულ სათანადო ფირნიშზე;
6. განმარტოს, როგორ მოწმდება უსაფრთხო მოძრაობისათვის საბურავების საერთო მდგომარეობა
პასუხი: ვიზუალურად უნდა დათვალიერდეს საბურავები, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს მოცემული სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციით განსაზღვრულს და მათზე არ უნდა აღინიშნებოდეს ჰაერის წნევის ნაკლებობის, პროტექტორის საბურავისაგან განშრევების, სხვა ნებისმიერი სახის მექანიკური დაზიანების და საბურავის დასაშვებზე მეტი ცვეთის ნიშნები. ცვეთის ინდიკატორის არარსებობის შემთხვევაში, საბურავის ექსპლუატაციისათვის უვარგისობაზე მიუთითებს, თუ პროტექტორის ნახატის სიმაღლე 1,6 მმ-ზე ნაკლებია;
7. განმარტოს, როგორ მოწმდება დამუხრუჭების სიგნალების გამართულობა
პასუხი: დამუხრუჭების სიგნალები (ძირითადი და დამატებითი) უნდა ირთვებოდეს მუხრუჭის სატერფულზე ზემოქმედებისას და მუშაობდეს მუდმივ რეჟიმში;
8. განმარტოს, როგორ მოწმდება საჭის გამაძლიერებლის გამართულობა
პასუხი: სატრანსპორტო საშუალების ძრავის ჩართვის შემდეგ, საგრძნობლად უნდა შემცირდეს საჭის თვლის მობრუნებისათვის საჭირო ძალა, ხოლო მართვადი თვლების სწორხაზოვანი მიმარულებით მოძრაობის მდგომარეობაში მოყვანის შემდეგ, საჭის თვალი თვითნებურად არ უნდა მობრუნდეს. საჭის თვლის მაბრუნი ძალის ცვლილება მოხვევის კუთხის მთელ დიაპაზონში უნდა იყოს მდორე და არ უნდა საჭიროებდეს განსაკუთრებულ ძალისხმევას და საჭის თვლის შემობრუნება უნდა ხორციელდებოდეს ბიძგების, ვიბრაციისა და ხმაურის გარეშე;
9. განმარტოს, როგორ მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის აუცილებელი დონის არსებობა
პასუხი: გამორთული, ცივი ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის დასაშვები მაქსიმალური და მინიმალური დონეების ნიშნულების მქონე რეზერვუარში გამაგრილებელი სითხის დონე უნდა იყოს აღნიშნულ ნიშნულებს შორის;
10. განმარტოს, როგორ მოწმდება მოხვევის შუქ-მაჩვენებლების მუშაობის გამართულობა
პასუხი: სატრანსპორტო საშუალების ანთების გასაღების შესაბამის მდგომარეობაში გადართვის შემდეგ, უნდა ჩაირთოს მარცხნივ და მარჯვნივ მოხვევის შუქ-მაჩვენებლები და მათი ჩართვა უნდა შემოწმდეს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით, რის შემდეგაც, ვიზუალურად (დაიშვება, მათ შორის, მესამე პირის მეშვეობით) უნდა შემოწმდეს მათი ჩართვა (მუშაობა ციმციმის რეჟიმში), ყველა მოხვევის შუქ-მაჩვენებლის მთლიანობა, სისუფთავე და მუშაობის გამართულობა;
11. განმარტოს, როგორ მოწმდება ფარებისა და შუქამრეკლების მწყობრში ყოფნა
პასუხი: სატრანსპორტო საშუალების ანთების გასაღების შესაბამის მდგომარეობაში გადართვის შემდეგ უნდა ჩაირთოს გაბარიტული სინათლეები და მათი ჩართვა უნდა შემოწმდეს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით, რის შემდეგაც ვიზუალურად (დაიშვება, მათ შორის, მესამე პირის მეშვეობით) უნდა შემოწმდეს მათი ჩართვა, ყველა გაბარიტული სინათლის და შუქამრეკლის მთლიანობა, სისუფთავე და მუშაობის გამართულობა. ამავე მეთოდით უნდა შემოწმდეს ახლო და შორი განათების ფარების მწყობრში ყოფნა. ფარების გამართულობის შესამოწმებლად შესაძლებელია ასევე გამოყენებულ იქნეს სატრანსპორტო საშუალების წინ არსებული კედელი ან სხვა ობიექტი;
12. განმარტოს, როგორ მოწმდება მუშაობს თუ არა საავარიო შუქსიგნალიზაცია
პასუხი: უნდა ჩაირთოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და მისი ჩართვა შემოწმდეს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით, რის შემდეგაც, ვიზუალურად (დაიშვება, მათ შორის, მესამე პირის მეშვეობით) უნდა შემოწმდეს მათი ჩართვა (საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა უზრუნველყოფდეს მოხვევის ყველ