შაორის წყალსაცავი რაჭის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია, რომელსაც მდიდარი ტურისტული პოტენციალი გააჩნია.
შაორი წლის ყველა სეზონზე ლამაზია, თუმცა შემოდგომასა და გაზაფხულზე აქ ზღაპრული სანახაობაა. ჰავა შაორის ტერიტორიაზე გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით, ტემპერატურა შედარებით დაბალია, იცის ცივი ზამთარი და გრილი ზაფხული.
შაორის წყალსაცავი უდიდესია რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. მდებარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1100-1200 მ-ზე. წყალსაცავი შერეული ფოთლოვანი ხეებით დაფარულ ქვაბულშია მოქცეული, რომელიც წარმოიშვა მდინარე შაორის დაგუბებით. ქვაბულში მანამდე იყო ორი ტბა: ხარისთვალი და ძრიხისთვალი, რომელსაც დღესდღეობით წყალსაცავი ფარავს. შაორის სიგრძე 7.1 კმ-ია, მაქსიმალური სიგანე 2.7 კმ, უდიდესი სიღრმე კი 14.5 მეტრია.
შაორის წყალსაცავთან მდებარეობს სოფელი ნიკორწმინდა.