საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 7.1 მილიონი შემოსვლა, რაც 30.3 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 6.2 მილიონი შეადგინა, რაც 31.2 პროცენტით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 5.1 მილიონს მიაღწია, რაც 30.9 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
„საქსტატის“ ცნობით, 2023 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.2 მილიონი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 23.2 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 21.4%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 13.5%-იანი წილით.
შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (1.42 მილიონი), თურქეთის (1.40 მილიონი) და სომხეთის (962.5 ათასი) მოქალაქეების მიერ.