ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“ სათაო ოფისს ეწვია და კომპანიის ხელმძღვანელებთან ერთად ზამთრის სეზონში საქართველოს ენერგომომარაგების საკითხები განიხილა. კომპანია, თბილისის შემოგარენში და საქართველოს რეგიონებში საქმიანობს და ელექტროენერგიას 1,2 მლნ-ზე მეტი აბონენტს აწვდის.
მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, „ენერგო პრო ჯორჯია“ საქართველოს რეგიონებში ელექტროგადამცემი ქსელის რეაბილიტაციისთვის ინვესტიციებს ახორციელებს.
„ჩვენ ვნახეთ, რომ „ენერგო პრო ჯორჯია“ ზამთარს მომზადებული ხვდება. ასევე გავეცანით, კომპანიის განვითარების სამოქმედო გეგმას მომდევნო წლებისთვის. კომპანიამ 2023 წელს დაახლოებით 70 მლნ ლარის დახარჯა რეგიონებში ქსელის რეაბილიტაციისთვის როგორც მაღალი, ისე დაბალი ძაბვის საფეხურებზე, ამასთან, 2024 წელს ინვესტიციის მაჩვენებელი ორჯერ მეტი, 150 მლნ ლარის ფარგლებში იქნება,“ - აღნიშნა რომეო მიქაუტაძემ.
რომეო მიქაუტაძე ასევე გაეცნო „ენერგო პროს“ მთავარი სადისპეტჩერო მართვის ცენტრის საქმიანობას, საიდანაც კომპანია უზრუნველყოფს ქვესადგურებისა და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გამართულ საქმიანობას. კომპანიაში დანერგილია დისტანციური მართვის თანამედროვე სისტემა, რომლითაც ხდება ქვესადგურებიდან მონაცემების წამოღება და სადისპეტჩეროდან პროცესის დისტანციურად მართვა. ითქვა, რომ კომპანია ახორციელებს 4-წლიან პროგრამას, რომლის ფარგლებშიც „ენერგო პროს“ ყველა ძირითადი სადგური აღნიშნულ სისტემაში ჩაერთვება, რაც დისპეტჩერებს მის მართვას გაუადვილებს.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.