28 ნოემბერს შობის მარხვა იწყება. კალენდრის მიხედვით, შობის მარხვა უკანასკნელი მრავალდღიანი მარხვაა. იგი იწყება 28 ნოემბერს და 7 იანვრამდე გრძელდება. იგი ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს.
საშობაო მარხვა ქრისტეშობის დღესასწაულისადმი მომზადების პერიოდია. ლეონ დიდი წერს: „მარხვის შენახვა წელიწადის ოთხივე დროში გვიხდება, რათა მთელი წლის განმავლობაში ვაცნობიერებდეთ, რომ განუწყვეტლივ ვსაჭიროებთ განწმენდას; რათა ჩვენს დაუდევარ ცხოვრებაში ყოველთვის ვცდილობდეთ მარხვითა და მოწყალების გაღებით შევმუსროთ ცოდვა, რომელიც მრავლდება ხორცის უძლურებითა და უწმინდური ზრახვებით“.
ლეონ დიდის სიტყვებით, საშობაო მარხვა არის უფლისადმი გაღებული მსხვერპლი წლის განმავლობაში მოწეული ნაყოფისათვის. „როგორც უფალმა უხვად მოგვმადლა მიწიერი ნაყოფი, - წერს წმიდანი, - ასევე ამ მარხვის განმავლობაში ჩვენც გულუხვნი და მოწყალენი უნდა ვიყოთ გლახაკთა მიმართ“.
სვიმეონ თესალონიკელის სიტყვებით, „შობის მარხვა მოსეს მარხვას განასახიერებს, რომელმაც ორმოცდღიანი მარხვის შემდეგ უფლისაგან ქვის ორი ფირფიტა მიიღო, რაზეც ამოტვიფრული იყო უფლის სიტყვები. ჩვენ კი, ორმოცი დღის მარხვის შედეგად, ვიხილავთ და ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისაგან ვღებულობთ ცოცხალ სიტყვას, რომელიც ამჯერად ქვებზე კი არ არის ამოტვიფრული, არამედ ხორცშესხმული და ხორციელად შობილია, რომლის ღვთაებრივ სისხლსა და ხორცს ვეზიარებით“.
საშობაო მარხვა დაწესებულია იმისთვის, რომ ქრისტეშობის დღესასწაულისათვის თავი სინანულით, ლოცვითა და მარხვით განვიწმიდოთ, რათა წმიდა გულით, სულითა და სხეულით შევძლოთ მოწიწებით მივეახლოთ ამქვეყნად მოვლენილ ძე ღვთისას; გარდა ჩვეულებრივი ძღვენისა და მსხვერპლისა, მას ჩვენი წმიდა გული მივუძღვნათ.
ეკლესიის ისტორიას შობის მარხვის შესახებ ცნობები IV საუკუნეშივე მოეპოვება. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ცნობებს ვხვდებით XIV საუკუნემდე, უფრო ზუსტად სვიმეონ თესალონიკელამდე. უფრო ადრე (XII საუკუნეში) ფრიად საინტერესოდ და დაწვრილებით მოგვითხრობენ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბალსამონი და ერთ-ერთი იმდროინდელი საეკლესიო კრება, XI საუკუნეში - ანასტასი სინელი და ისააკ კათალიკოსი. საინტერესო ცნობებია დაცული X საუკუნის საეკლესიო კრების ოქმებში, რომელიც იმპერატორ კონსტანტინესა და რომანოზ უფროსად წოდებულის დროს იქნა მოწვეული.
ცნობებს ვხვდებით ნიკიფორე პატრიარქის კანონებში (IX ს.), საბა განწმენდილისა (V ს.) და ლეონ რომის პაპის (V ს.) ნაწერებში, 570 წლის ტურის II კრების ოქმებში, ნეტარ ავგუსტინესთან. ყველა ეს ცნობა გვაუწყებს, რომ შობის მარხვა, ისევე, როგორც სხვები, უძველესი დროიდან მომდინარეობს (ჯერ კიდევ IV საუკუნის მოღვაწე ფილასტრი წერს, რომ მაცხოვრის შობის წინ აუცილებლად უნდა ვიმარხულოთ) და გვიჩვენებს, რაოდენ ღრმად უდევს ფესვები მარხვის საეკლესიო ტრადიციას. ეკლესიის ისტორიის მკვლევარები შენიშნავენ, რომ შობის მარხვის ხანგრძლივობა თავდაპირველად მკაცრად განსაზღვრული არ ყოფილა. მაგალითად, ტურის მეორე საეკლესიო კრების კანონი გვაუწყებს, რომ ბერებმა „დეკემბრიდან ქრისტეშობამდე უნდა იმარხულონ“; მატისონის 582 წლის კრების მიხედივით, ეს მარხვა იწყებოდა წმინდა მარტინის ხსენების დღეს (25 ნოემბერს ახ. სტილით) და გრძელდებოდა ქრისტეშობამდე. აქვე მითითებულია, რომ სამარხვო დღეები ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი იყო. გალიის ერთ-ერთი კრების ჩანაწერთა თანახმად, ქრისტეშობამდე მორწმუნენი ერთი კვირა მარხულობდნენ. ამასვე მოწმობს ანასტასი სინელიც: „ზოგიერთგან, აღმოსავლეთში, ამ მარხვის ხანგრძლივობა შემცირებული იყო ერთ, ზოგჯერ - ორ კვირამდე ან თორმეტ დღემდე“. თვით ანასტასის ამ მარხვის კანონიერ დასაწყისად ფილიპე მოციქულის ხსენების დღე მიაჩნია.
პატრიარქ ბალსამონისა და მის თანამედროვეთა განმარტებით, „ის, ვინც არ მარხულობს შვიდ დღეს მაინც, საერონი თუ კლიროსნი, მართალთაგან უნდა განეყენნენ, ხოლო ბერებმა, რომელთაც კანონი ავალებთ, უნდა იმარხულონ 28 ნოემბრიდან (ახ. სტ. - ლ.მ.) და შეასრულონ ტიპიკონის მოთხოვნა“. პატრიარქ ლუკას მოსაყდრეობის პერიოდში, იმპერატორ მანუელის დროს, 1166 წელს მოწვეულ კრებაზე დადგინდა, რომ შობის მარხვა 40 დღე უნდა გრძელდებოდეს. შობის მარხვა დიდმარხვასთან შედარებით მსუბუქია. მას ვიცავთ ისე, როგორც მოციქულთა მარხვას. ამ მარხვათა დროს, როგორც წესი, გარდა ოთხშაბათისა და პარასკევისა, თვით ბერ-მონაზვნებისთვისაც კი დაშვებული იყო თევზის, ზეთისა და ღვინის ზომიერად მიღება. საზოგადოდ კი, ისევ უნდა შევნიშნოთ: მარხვის სიმკაცრე და სიმსუბუქე ყოველთვის დამოკიდებული იყო (და ასეა დღესაც) მწყემსმთავრის ლოცვა-კურთხევაზე.