ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალში - ზ. ფალიაშვილის სახ. მე-2 სამუსიკო სკოლაში უკვე მეორე წელია რაც დაფუძნდა "მასწავლებლის საათი", რაც გულისხმობს მშობლების ინტეგრირებას საგანმანათლებლო -სახელოვნებო სივრცეში. ეს არის ყოველთვიური საინფორმაციო შეხვედრა, სადაც სპეციალობის პედაგოგები საკუთარი კლასის მშობლებს აცნობენ მათი შვილების აკადემიურ მოსწრებას არა მხოლოდ სპეციალური საკრავის კლასში, არამედ ჯგუფური მეცადინეობის მხრივაც. სხდომებს ესწრება დირექციის წარმომადგენელი და საჭიროების შემთხვევაში იქვე განიხილავს და აგვარებს ყველანაირ პრობლემურ საკითხს- თუ კი ასეთი არსებობს.
"ურთიერთობის ასეთი ფორმა არა მხოლოდ მშობელთა უფრო მეტად გააქტიურებას იწვევს, არამედ მათი დირექციასთან ურთიერთთანამშრომლობის ახლებურ ფორმატსაც გვთავაზობს.
ამავდროულად, ყველა პედაგოგს ეძლევა საშუალება თავად მოიფიქროს "მასწავლებლის საათის" ფორმატი, რათა საინტერესო და ნაყოფიერი გახადოს ეს შეხვედრები.
ფორტეპიანოს კლასის პედაგოგმა, მაგდა თხილავამ პირველსავე წელს შესთავაზა მშობლებს საინფორმაციო შეხვედრებისათვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი შინაარსიც მიენიჭებინა. ამ შემოთავაზებამ არა მხოლოდ მშობელთა და მოსწავლეთა, არამედ დირექციის მხარდაჭერაც მოიპოვა და 2022-23 სასწავლო წლის რიგით მე-2 შეხვედრა ზ. ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში შედგა.
წელს კი 20 ნოემბერს მაგდა თხილავამ სრულიად ახალი ფორმატი შესთავაზა დამსწრე საზოგადოებას. მისი ინსპირაციის წყარო იყო ზაქარია ფალიაშვილის ოპერა "დაისის" შექმნიდან 150 წლის იუბილე. ამ თარიღთან დაკავშირებით მისი კლასის მოსწავლეების მიერ დამუშავებული იქნა ზ. ფალიაშვილის ბიოგრაფიის ახალი, საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ფაქტები. პედაგოგმა და მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას კომპოზიტორის ბიოგრაფიის სრულიად სხვა მხარე გააცნეს.
ღონისიძიებას ესწრებოდნენ სამუსიკო სკოლის დირექცია, პედაგოგები, მშობლები და ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების “ მმართველის მოადგილე ელისო ქაროსანიძე, რომელმაც სათანადო შეფასება მისცა ნოვატორულ ღონისძიებას, გაუსვა ხაზი მშობელთა ჩართულობის გააქტიურებას სახელოვნებო-საგანმანათლებლო სივრცეში,"-აცხადებენ კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებაში.