TOPNEWS » მთავარი თემა » "სიკვდილის ქვეყანად გადაიქცა საქართველო,"-ბიზნესმენი, რომელსაც ხელისუფლებამ ქვეყნის დატოვება აიძულა, დუმილს არღვევს
"სიკვდილის ქვეყანად გადაიქცა საქართველო,"-ბიზნესმენი, რომელსაც ხელისუფლებამ ქვეყნის დატოვება აიძულა, დუმილს არღვევს
„ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, არაერთი ბიზნესმენი იძულებული გახდა, ქვეყანაში ბიზნესის კეთებაზე უარი ეთქვა და სიცოცხლის გადასარჩენად, ქვეყანა დაეტოვებინა. ხელისუფლების განცხადებების მიუხედავად, რომ მმართველი გუნდი ბიზნესის მიმართ ლიბერალურ მეთოდებს და მიდგომას იყენებს, რეალობა სულ სხვაგვარია: ბიზნესმენები იძულებული ხდებიან ბიზნესის კეთებაზე უარი თქვან და ქვეყანა დატოვონ. ქვეყანაში ცხოვრების, ბიზნესის კეთებისა და შეღავათებით სარგებლობის საშუალება კი მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან დაახლოებულ იმ ბიზნესმენებს ეძლევათ, რომლებიც პარტიის სალაროს ავსებენ და მმართველი გუნდის დავალებების უპირობო შემსრულებლები არიან.
ჯანსუყი გოგიძე ერთ-ერთი ბიზნესმენია, რომელიც იძულებული გახდა ქვეყნიდან ოჯახთან ერთად, საბერძნეთში წასულიყო. ჯანსუყი ქუთაისში, ქალაქის ისტორიულ, სასტუმროების სიმრავლით ცნობილ და ტურისტებისათვის მოთხოვნად უბანში, გორაზე სასტუმრო „როიალ კომფრტს“ ფლობდა. სასტუმრო აქტიურად მუშაობდა ტურისტთა ჯგუფებზე. სასტუმროში განთავსების და კვებით უზრუნველყოფის გარდა, ტურისტებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ტრანსფერებსა და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ტურების ორგანიზებას სთავაზობდნენ.
ახალი ამბების სააგენტო Top-news.ge-ს არაერთი ბიზნესმენის ისტორია გაუშუქებია, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან დევნასა და შევიწროვებაზე საუბრობდნენ. ჯანსუყი გოგიძე გვიყვება, რომ ხელისუფლება მისით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც 2021 წლის აპრილში, მან მხარდაჭერა გამოუცხადა პოლიციის მიერ ძალის გამოყენებით დარბეულ ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილეებს. ბიზნესმენის თქმით, ხელისუფლებამ მას არც ის გადაწყვეტილება მოუწონა, რომლის მიხედვით, 2022 წლის თებერვალში, რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, ქუთაისში ჩამოსულ უკრაინულ ოჯახებს თავშესაფარი მისცა.
„ნოლიდან დავიწყეთ სასტუმროს ბიზნესი და ოჯახმა ჩვენი შრომით შევქმენით როგორც მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა, ისე სერვისი. გვყავდა უამრავი კმაყოფილი ტურისტი სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც თავის მხრივ სხვებთან გვიწევდნენ რეკომენდაციას და ამგვარად ვიზრდებოდით. ბედნიერი ვიყავით, რომ ერთი მხრივ, ჩვენს საყვარელ საქმეს ვაკეთებდით და მეორე მხრივ, ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის რეკლამირებას ვახდენდით სხვადასხვა კულტურის ხალხში ჩვენი სტუმართმოყვარეობითა და ტრადიციებით. პარალელურად, სასტუმროში ფუნქციონირებდა მანქანების გაქირავების სერვისი. გვქონდა დიდი გეგმები, რომელიც კიდევ უფრო განვითარებას და გაფართოებას ითვალისწინებდა. 2018 წელს დავიწყეთ ეს ბიზნესი. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან კი ზეწოლა და ხელისშეშლა უკვე 2021 წლიდან დაიწყო,“- ამბობს ბიზნესმენი.
2020 წლის ოქტომბერში მდინარე რიონის ხეობაში უწყვეტი პროტესტი დაიწყო. პროტესტის მონაწილეები რუსული კავშირების მქონე კომპანია „ენკა“-ს მიერ ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეები თვლიდნენ, რომ ჰესების კასკადის მშენებლობა ლეჩხუმში მეღვინეობის უძველესი და ამ მხარისთვის დამახასიათებელი ჯიშების გაქრობას გამოიწვევდა. რიონის ხეობის გადარჩენისთვის მოძრაობა გასცდა ლეჩხუმის საზღვრებს და თანდათანობით მოიცვა და გააერთიანა სხვადასხვა რეგიონში გაფანტული არაერთი საპროტესტო ჯგუფი. ჯანსუყ გოგიძის თქმით, მას მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა რიონის ხეობაში, ჰესის მშენებლობის არეალში მყოფ მევენახეებთან. როგორც ბიზნესმენი ამბობს, აღნიშნულ ხეობაში დამზადებული მაღალი ხარისხის ღვინო ტურისტებში დიდ მოწონებას იწვევდა. ბიზნესმენი ამბობს, მის სასტუმროში ხშირად რჩებოდნენ პროტესტში ჩართული გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ასევე, ბიზნესმენი მის საკუთრებაში არსებული ავტომობილებით ტრანსპორტირებაში ეხმარებოდა პროტესტის მონაწილეებს. ჯანსუყ გოგიძე იხსენებს, რომ პროექტს რუსეთიდან საქართველოში სპეციალურად ჩამოსული ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლები ლობირებდნენ, რომლებიც პროტესტის მიმართ უარყოფითად განწყობილი პირების დაშინებას და მათზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობდნენ.
„2021 წლის აპრილში, როდესაც პოლიციამ დაარბია აქციის მონაწილეები, რიონის ხეობაში, სოფელ ნამახვანში, პროტესტის ადგილას მივდიოდი, რათა აქციის მონაწილეებისა და ლიდერებისთვის ჩემი მხარდაჭერა რიად გამომეხატა. იცით, რომ ხეობაში ვიწრო გზა არის და არც განათებაა. მოულოდნელად გზა გადამიჭრა „შკოდის“ მარკის მსუბუქმა ავტომობილმა. მანქანიდან ორი, ჩემთვის უცნობი ადამიანი გადმოვიდა, რომლებიც სწრაფად მომიახლოვდნენ, ღამე იყო, სახეებს კარგად ვერ ვარჩევდი, მითხრეს, რომ თუ კიდევ გავაგრძელებდი პროტესტის მხარდაჭერას, ხელფეხშეკრულს მდინარე რიონში გადამაგდებნენ, ჩემი ოჯახი ჩემი გვამის ძებნას დაიწყებდა და ჩემი საფლავი სანატრელი გაუხდებოდათ. სიმართლე გითხრათ, ძალიან შემეშინდა, სახელმწიფო ყველა ზომას მიმართავდა ამ პროტესტის ჩასახშობად. მივხვდი, რომ მართლა შეიძლებოდა შეესრულებინათ ეს მუქარა და გადავწყვიტე, აქტიური ურთიერთობა აღარ მქონოდა პროტესტის მონაწილეებთან,“- ამბობს ბიზნესმენი.
ჯანსუყ გოგიძის თქმით, მორიგ ჯერზე სისტემისთვის მიუღებელი აღმოჩნდა მის მიერ უკრაინელი მოქალაქეების დახმარება. უკრაინელი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის შემდეგ, მას ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და მოსთხოვეს, რომ მათ დახმარებაზე უარი ეთქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები შეექმნდებოდა. ბიზნესმენი იმასაც ამბობს, რომ ის და მისი ოჯახი ასევე ჩართული იყო იმ აქციაში, რომელსაც ქუთაისში ორგანიზებას მოქალაქეები უწევდნენ და ომით დაზარალებული უკრაინელი ხალხის დასახმარებლად პირველადი მოხმარების ნივთებსა და არამალფუჭებად პროდუქტებს აგროვებდნენ.
„ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც 2008 წლის ომი გამოიარა. დღესაც არ ამომდის თვალებიდან ის საშინელი კადრები. ჩვენ კარგად ვიცით, რა მძიმეა იმყოფებოდე ომის პირობებში, ამიტომ მე, როგორც ბიზნესმენი, თავს ვალდებულად ვთვლიდი, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, ომით დაზარალებული და ჩვენს ქვეყანაში ლტოლვილად მყოფი უკრაინის მოქალაქეებისათვის დახმარება გამეწია. რა თქმა უნდა, გაფრთხილებას ყურადღება არ მივაქციე და ჩემი საქმის კეთება განვაგრძე. მე არ მომწონდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკა და ღიად ვაკრიტიკებდი მათ. არ მომწონდა, რომ ხდებოდა ბიზნესმენების დაყოფა, არ მომწონდა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ პირად კომფორტსა და კეთილდღეობაზე ზრუნავდნენ და ხალხი არავის ახსოვდა. ჩემს სასტუმროს ხშირად სტუმრობდნენ ოპოზიციური პარტიების როგორც ადგილობრივი ლიდერები, ისე თბილისიდან ჩამოსული მათი ლიდერები. ჩვენი სასტუმროს მესამე სართული ღია და დახურულ ტერასას ეჭირა, სადაც სტუმრებისთვის კვების სივრცე იყო მოწყობილი. ჩვენს მიმართ მოთხოვნა იყო, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერების სტუმრობის შემთხვევაში, საქმის კურსში ჩაგვეყენებინა იმერეთის სამხარეო სამმართველოს ხელმძღვანელი პირები, რომლებიც როგორც მეუბნებოდნენ, თავის მხრივ ზომებს მიიღებდნენ. მოთხოვნა იყო, რომ მიგვეცა მათთვის დაშვება, რომ ადგილზე კამერები დაემონტაჟებინათ, რაც სისტემას მათი კონტროლისა და მათი გეგმების გაცნობის საშუალებას მისცემდა. რა თქმა უნდა, მე უარს ვამბობდი სისტემასთან მსგავსი ტიპის თანამშრომლობაზე,“- ამბობს ჯანო გოგიძე.
ბიზნესმენის თქმით, 2023 წელს მან და მისმა ოჯახმა ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე რესტორანი „ოლივიუ“ გახსნეს. როგორც ჯანო გოგიძე გვიყვება, რესტორანმა მხოლოდ რამდენიმე თვე იმუშავა და ოჯახი იძულებული გახდა, ბიზნესი დაეხურა.
„იმის გამო, რომ ჩვენ არ შევდიოდით „ქართული ოცნების“ არასახალხო პოლიტიკის მომხრეთა რიცხვში, მაქსიმალურად გვავიწროვებდნენ. აკონტროლებდნენ ჩვენთან შემომსვლელ პირებს, ჩვენს რესტორანთან თანამშრომლობას უკრძალავდნენ სადისტრიბუციო კომპანიებს. 2024 წლის შემოდგომაზე გახსოვთ, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ამ არჩევნებისთვის მზადება ხელისუფლებამ გაცილებით ადრე დაიწყო. ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მე დამიბარა ქუთაისის ახლანდელმა დელეგატმა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ. მასთან ერთად იყვნენ „ოცნების“ ე,წ. ზონდერ-ბრიგადის წევრები, ის ადამიანები, რომელსაც მმართველი გუნდი არჩევნებსა და აქციებზე ხელისუფლებისათვის არასასურველი პირების ფიზიკური ანგარიშსწორებისათვის იყენებს. ზაზა ლომინაძემ მითხრა, რომ საარჩევნოდ ემზადებოდნენ და თუ მინდოდა ჩემი ბიზნესის და ოჯახის გადარჩენა, ჩემი ქუჩიდან, პეტრე იბერის ქუჩიდან, სადაც ჩემი სასტუმრო მდებარეობდა, ხმების მაქსიმალური მობილიზება უნდა მომეხდინა, თუ საჭირო იქნებოდა, ხალხის დაშინების მიზნით, ე.წ. ქუჩის ბიჭებიც ჩამერთო. მართლა არ მეგონა და ვერ ვიფიქრებდი, ხელისუფლება ასე შორს თუ წავიდოდა. მე მაშინვე უარი ვთქვი და ოფისიდან გამოსვლა დავაპირე, რა დროსაც ლომინაძემ მითხრა, რომ თუ მათთან თანამშრომლობაზე უარს ვიტყოდი, ჩემს ბიზნესს დავემშვიდობებოდი,“- ამბობს ჯანსუყი გოგიძე.
როგორც ბიზნესმენი ახალი ამბების სააგენტო Top-news.ge-სთან ყვება, ამის შემდეგ მათ ბანკმა, რომლიდანაც სასტუმრო ბიზნესის განვითარებისთვის ბიზნეს სესხით სარგებლობდნენ, კრედიტის ერთიანად, სასწრაფოდ დაფარვა მოთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქონების ჩამორთმევით და რეალიზაციით დაემუქრა. ბიზნესმენის წინააღმდეგ სანქციების და ჯარიმების მექანიზმები აამოქმედეს სხვადასხვა სახელმწიფო კომპანიებმაც.
„დღეს არავისთვის არის უცხო, რომ ყველა ბიზნესი, დიდი თუ მცირე კრედიტით სარგებლობს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხალხის მხარდაჭერა ოპოზიციას ჰქონდა, თუმცა გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ გაიფორმა. მე ოპოზიციის სასარგებლოდ ვიყავი საარჩევნო პროცესში ჩართული. როგორც კი არჩევნები დასრულდა, ხელისუფლებამ მისი მოწინააღმდეგეების სათანადოდ დასჯა დაიწყო. სასტუმროში და რესტორანში იყო მოულოდნელი შემოწმებები შემოსავლების სამსახურის, ენერგო კომპანიის, წყალმომარაგების კომპანიისა თუ გაზის მომწოდებელი კომპანიების მიერ. გვიწერდნენ ჯარიმებს აბსურდული მიზეზებით მაშინ, როცა არ ამოწმებდნენ იმავე ქუჩაზე მდებარე სხვა სასტუმროებს, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ უჭრდნენ მხარს. ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მუშაობა არ შეგვძლებოდა და გავჩერებულიყავით,“-ამბობს ჯანსუყი გოგიძე.
ბიზნესმენის თქმით, რეალური საფრთხე მაშინ იგრძნო, როდესაც 2025 წლის მარტის ბოლოს, პოლიცია სასტუმროს შენობაში გვიან ღამით შევიდა და ადგილზე იარაღსა და ნარკოტიკულ საშუალებებს ეძებდნენ.
„ღამით, მოულოდნელად კარზე იყო კაკუნი და როდესაც კარი გავაღეთ, დავინახეთ, როგორც სამოქალაქო, ისე პოლიციის ფორმაში ჩაცმული პირები, რომლებიც ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შემოვარდნენ სახლში, დაიწყეს ოთახებში ჩხრეკა და ამბობდნენ, რომ ნარკოტიკულ საშუალებებსა და იარაღს ეძებდნენ. ამ დროისთვის ადგილზე მე, ჩემი მეუღლე და ჩემი მცირეწლოვანი შვილიშვილი ვიყავით. პატარა ამდენი უცხო ადამიანის დანახვაზე ისე შეშინდა, გარკვეული პერიოდი მეტყველება უჭირდა. ბავშვი ღამით ვერ იძინებდა და შეშინებული კიოდა. ცუდად გახდა ჩემი მეუღლეც, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. შეშინებული ძირს წაიქცა. არ მოგვცეს სასწრაფოს გამოძახების საშუალება, ჩამოგვართვეს ტელეფონები და ასეთ მდგომარეობაში გვამყოფეს მთელი ღამის განმავლობაში. მაშინ რეალურად ვიგრძენი საფრთხე და ამიტომ გადავწყვიტე, რომ 2025 წლის 4 აპრილს ქვეყანა დაგვეტოვებინა. მეშინია ისეთ ამბებს ვიგებთ საქართველოდან. ქვეყანას ხელისუფლება მართავს თუ კრიმინალური ბანდა, ვერ ვიგებ. სიკვდილის ქვეყანად გადაიქცა საქართველო, ყოველდღე იმდენი მკვლელობა და უბედურება ხდება. მე მინდა მივმართო ბიზნესმენებს, რომ ესენი ყველასთან მივლენ და რეპრესიები ყველას შეგეხებათ, ამიტომ, ვიდრე დრო არის, გაერთიანდით, ხმა ამოიღეთ და ერთმანეთს გვერდით დაუდექით. ჩემს შემთხვევაში რომელიმე ორგანოსთვის მიმართვას და დახმარების თხოვნას აზრი არ ჰქონდა, იმდენად მავიწროვებდნენ. პოლიციის სახლში შემოჭრა და დემონსტრაციული ჩხრეკა ჩემთვის იმის ნიშანი იყო, რომ შეიძლებოდა ნებისმიერი რამ დაებრალებინათ ჩემთვის, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ყველაფერზე უარი მეთქვა და ქვეყანა ოჯახთან ერთად დამეტოვებინა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი პოლიტიკა ჩემი საყვარელი საქმის კარგად კეთება, ჩემი ქვეყნის წარმოჩენა იყო, რისი საშუალებაც მე არ მომეცა,“-ამბობს ბიზნესმენი.





