ცაგერის ყოფილ მერს დღეს დაკრძალავენ-როგორ იხსენებენ გიორგი ნემსაძეს?
ცაგერის ყოფილ მერს გიორგი ნემსაძეს დღეს დაკრძალავენ.
54 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი გიორგი ნემსაძე. ის 1988-1991 წლებსა და 1993-1995 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში“; 1991-1992 წლებში ლანჩხუთის „გურიაში“; 1992-1993 წლებში თბილისის „შევარდენში“; ასევე გამოდიოდა გერმანიის „ჰამბურგში“; თურქეთის „ტრაბზონ-სპორში“, შვეიცარიის „გრას-ჰოპერსში“, იტალიურ „რეჯანაში“, თბილისის „ლოკომოტივში“, იყო შოტლანდიური „დანდის“ კაპიტანი, კარიერა კი „დინამოში“ დაასრულა.
გიორგი ნემსაძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1992-2004 წლებში ჩატარებული აქვს 69 მატჩი. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უკაპიტნა 42 შეხვედრაში. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის, გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა საქართველოს პრემიერმა.
„ეს უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, გამორჩეული პროფესიონალი და მებრძოლი ხასიათის ლიდერი, წარმატებით იცავდა როგორც ეროვნული გუნდის, ისე ქართული და უცხოური კლუბების ღირსებას. თამაშის საკუთარი სტილითა და შეუპოვრობით მან სამუდამო კვალი დატოვა ქართული სპორტის ისტორიაში.“ – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
განცხადებას ავრცელებს თბილისის მერიც. „ჩვენს საფეხბურთო საზოგადოებას გამოაკლდა მეგობარი, გულშემატკივარი, ადამიანი, რომელმაც თავისი პროფესიონალიზმით, საქმისადმი სიყვარულით და ერთგულებით ქართველი გულშემატკივრების დიდი სიყვარული მოიპოვა. გიორგი ნემსაძის სახით ქართულმა ფეხბურთმა ღირსეული წარმომადგენელი დაკარგა, ჩვენ კი დაგვიტოვა ისტორია ძმობის, გუნდურობის, თავდადების და საერთო ძალისხმევით წარმატებების მიღწევის. კაპიტანო, შენი სახელი სამუდამოდ დარჩება ქართული ფეხბურთის ისტორიაში“ – წერს კახი კალაძე.
"ცაგერის მუნიციპალიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტნისა და ცაგერის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის, გიორგი ნემსაძის გარდაცვალების გამო.
გიორგი ნემსაძე იყო ადამიანი, რომლის სახელსაც სპორტული წარმატება, მაღალი პიროვნული ღირსება, გამორჩეული ავტორიტეტი და ადამიანებისადმი განსაკუთრებული სითბო უკავშირდებოდა.
მუნიციპალიტეტის მერობის პერიოდში მან თავისი საქმიანობით, სიკეთით, ჰუმანური დამოკიდებულებითა და გულწრფელი ყურადღებით მრავალი ადამიანის პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა.
განსაკუთრებით მძიმე და გულსატკენია ადამიანის წასვლა, რომელმაც თავისი ცხოვრების გზა ღირსეულად განვლო და ადამიანთა გულებში კეთილი კვალი დატოვა. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, ახლობლებისა და ყველასთვის, ვინც მას იცნობდა და აფასებდა,"-ნათქვამია ცაგერის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





