TOPNEWS » მთავარი თემა » რას პასუხობენ ქუთაისის კლინიკაში გარდაცვლილი პაციენტის ოჯახს?

რას პასუხობენ ქუთაისის კლინიკაში გარდაცვლილი პაციენტის ოჯახს?

რას პასუხობენ ქუთაისის კლინიკაში გარდაცვლილი პაციენტის ოჯახს?

ქუთაისში, თანამედროვე ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალურ ცენტრში პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კლინიკა განცხადებას ავრცელებს. ქალბატონი კლინიკაში ჩატარებული ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.

“უპირველეს ყოვლისა, კლინიკისა და მთელი სამედიცინო გუნდის სახელით კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას პაციენტის გარდაცვალების გამო და გულწრფელად ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ეს დანაკარგი მძიმეა.

პაციენტის გარდაცვალება ყოველთვის ტრაგედიაა, პირველ რიგში ოჯახისთვის, მაგრამ ასევე იმ ექიმებისა და სამედიცინო პერსონალისთვის, რომელთა პროფესიული საქმიანობის უმთავრესი მიზანი, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაა.

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საჭიროდ მივიჩნიეთ მხოლოდ ერთხელ და ოფიციალურად განვმარტოთ კლინიკის პოზიცია ამ სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით:

მედიცინა მტკიცებულებებზე დაფუძნებული მეცნიერებაა, თუმცა სამედიცინო ჩარევის შედეგი ყველა შემთხვევაში აბსოლუტური სიზუსტით პროგნოზირებადი ვერ იქნება.

თანამედროვე მედიცინაში არ არსებობს არც ნულოვანი რისკი, არც სიცოცხლის შენარჩუნებისა და წინასწარი პრევენციული ღონისძიებების 100%-იანი გარანტია.

ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაცია და განსაკუთრებით ქირურგიული ოპერაცია, დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან. თანამედროვე მედიცინის მიერ აღიარებული პრევენციული ღონისძიებების სათანადოდ განხორციელების შემთხვევაშიც კი, არსებობს გართულებების განვითარების რისკი, მათ შორის გარკვეულ შემთხვევებში, სიცოცხლისათვის საშიში ან ფატალური გართულების.

სწორედ ამიტომ ქირურგიულ ჩარევამდე მოქმედებს ინფორმირებული თანხმობის პრინციპი: პაციენტს და შესაბამის შემთხვევებში, მის კანონიერ წარმომადგენელს/ოჯახს, მიეწოდება ინფორმაცია დაგეგმილი ჩარევის, მისი მოსალოდნელი სარგებლის, შესაძლო რისკებისა და გართულებების შესახებ. აღნიშნული შემთხვევის ფარგლებშიც შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია არსებობს და იგი,  სრულად იქნება წარდგენილი უფლებამოსილი ორგანოებისათვის.

ექიმ ბესო აბულაძის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით:

განსაკუთრებით გვსურს შევეხოთ იმ ექიმის პროფესიულ რეპუტაციას, რომლის მიმართაც, ამ ფაქტთან დაკავშირებით  სოციალურ ქსელებში არაერთი წინასწარი და არაკომპეტენტური შეფასება გავრცელდა.

ბესო აბულაძე არის ბარიატრიული ქირურგიის და არამარტო ბარიატრიული ქირურგიის მიმართულებით მაღალი პროფესიული გამოცდილების, უმაღლესი კატეგორიისა და გამოცდილების  მქონე ექიმი, რომელსაც ბარიატრიული ოპერაციების მიმართულებით, მიმდინარე წლის იანვრის  თვიდან დღემდე  ჩატარებული აქვს დაახლოებით 400 - ზე მეტი  ოპერაცია და ამ პერიოდში არც ერთი შემთხვევა არ დასრულებულა მძიმე გართულებით ან ლეტალური შედეგით, გარდა წინამდებარე ამ სამწუხარო შემთხვევისა.

ამ სტატისტიკას არ ვასახელებთ იმისთვის, რომ კონკრეტული შემთხვევა გავამართლოთ ან ეს შემთხვევა დარჩეს შესწავლის გარეშე, მაგრამ თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა იქნეს შესწავლილი. თუმცა ექიმის პროფესიული საქმიანობის შეფასებისას მისი გამოცდილების, ჩატარებული ოპერაციების მოცულობისა და შედეგების სრული უგულებელყოფა იქნება არაობიექტური.

მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში, უმაღლესი კვალიფიკაციის ქირურგებთან, პროფესორებთან და აკადემიური მედიცინის წარმომადგენლებთან, სამწუხაროდ ასევე არსებობს მძიმე გართულებისა და პაციენტის გარდაცვალების შემთხვევები.

პაციენტის გარდაცვალება თავისთავად არ ნიშნავს, რომ ექიმმა ოპერაცია არასწორად ჩაატარა ან პროფესიული შეცდომა დაუშვა.

მედიცინაში მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს ორი სრულიად განსხვავებული საკითხი: სამედიცინო ჩარევის ცნობილი და აღწერილი გართულება და ექიმის ბრალეული პროფესიული ქმედება ან უმოქმედობა.

არსებობს გართულებები, რომლებიც აღწერილია საერთაშორისო სამედიცინო ლიტერატურაში, პროტოკოლებსა და კლინიკურ გაიდლაინებში და რომელთა განვითარება შესაძლებელია ოპერაციის ტექნიკურად და პროფესიულად სწორად ჩატარების შემთხვევაშიც. შესაბამისად, გართულების არსებობა ავტომატურად არ ნიშნავს სამედიცინო შეცდომას, ისევე როგორც მძიმე ან ფატალური შედეგი თავისთავად ვერ იქნება ექიმის ბრალეულობის მტკიცებულება.

ამასთანავე, არც ექიმი და არც კლინიკა არ აცხადებს, რომ კონკრეტული შემთხვევა პროფესიული ან სამართლებრივი შეფასების მიღმა უნდა დარჩეს. პირიქით, თუ არსებობს კითხვა, რამდენად სწორად დაიგეგმა და ჩატარდა ოპერაცია, რამდენად სრულად განხორციელდა გართულებების პრევენცია, რამდენად დროულად მოხდა გართულების ამოცნობა და რამდენად ადეკვატურად განხორციელდა მისი შემდგომი მართვა, სწორედ ეს საკითხები უნდა გახდეს ობიექტური პროფესიული შესწავლის საგანი,

მაგრამ ექიმის ბრალეულობას არ ადგენს სოციალური ქსელი. მას არ ადგენს კომენტარების რაოდენობა, ემოციური შეფასებები, ჭორი ან სოციალურ ქსელში თვითგამოცხადებული „ექსპერტების“ მოსაზრებები.

ექიმის პროფესიული მოქმედების შეფასება უნდა ემყარებოდეს სრულ სამედიცინო დოკუმენტაციას, ჩატარებული ოპერაციისა და შემდგომი მკურნალობის მონაცემებს, შესაბამისი დარგის კვალიფიციური სპეციალისტების პროფესიულ შეფასებას, საჭიროების შემთხვევაში დარგობრივი პროფესიული ასოციაციების ან ექსპერტების დასკვნებს, მოქმედ კლინიკურ პროტოკოლებსა და გაიდლაინებს, ხოლო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, კანონით უფლებამოსილი ორგანოების გადაწყვეტილებას.

თუ შესაბამისი პროფესიული და სამართლებრივი შესწავლის შედეგად დადგინდება ექიმის  ბრალეული ქმედება ან უმოქმედობა, ამას მოჰყვება კანონით გათვალისწინებული რეაგირება.

არც კლინიკა და არც ექიმი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას არ აპირებს, თუ ასეთი პასუხისმგებლობის საფუძველი ობიექტურად დადასტურდება, მაგრამ პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს ფაქტებით, სამედიცინო დოკუმენტაციით, პროფესიული ექსპერტიზითა და კანონით და არა სოციალური ქსელის კომენტარებით.

განსაკუთრებით მიუღებლად მიგვაჩნია ტრაგიკული შემთხვევის გამოყენება ექიმის ან კლინიკის მიმართ შეურაცხყოფის, ცილისმწამებლური ან შეგნებულად მცდარი ინფორმაციის გავრცელების საფუძვლად.

კრიტიკა ყველას უფლებაა. კითხვის დასმაც ყველას უფლებაა. პაციენტის ოჯახის მოთხოვნა, რომ ყველა გარემოება სრულყოფილად იქნეს შესწავლილი, სრულიად გასაგები და ლეგიტიმურია,

მაგრამ სიტყვის თავისუფლება არ გულისხმობს სხვა ადამიანის ღირსების, პატივის, პროფესიული რეპუტაციისა და კანონით დაცული უფლებების შელახვის უფლებას.

არ შევალთ გავრცელებული პოსტის დეტალურ განხილვაში. გვესმის ოჯახის წევრის პოზიცია. მხოლოდ მოკრძალებულად  აღვნიშნავთ, რომ მასში გავრცელებული  ინფორმაცია,  არ არის მართებული, არ არის სწორად განმარტებული, არ არის ფაქტობრივი, ჭეშმარიტი გარემოება. ძალიან განვიცდით, რომ პაციენტი გარდაიცვალა. ნათელი მის ხსოვნას.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ: ბესო აბულაძის მიერ ჩატარებული ასეულობით წარმატებული ოპერაცია ვერ შეცვლის კონკრეტული შემთხვევის ინდივიდუალური შესწავლის აუცილებლობას. თუმცა ერთი ტრაგიკული შემთხვევაც ვერ გახდება ექიმის პროფესიული საქმიანობის ავტომატურად დანაშაულებრივად გამოცხადების საფუძველი, ვიდრე არ არსებობს ამის დამადასტურებელი კომპეტენტური პროფესიული და სამართლებრივი შეფასება.

მედიცინაში, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, სამწუხაროდ, არ არსებობს 100%-იანი გარანტია. ნეტავ არსებობდეს შესაძლებლობა, რომ თანამედროვე მედიცინას ყველა პაციენტის გადარჩენა შეეძლოს.

სამწუხაროდ, მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ სამედიცინო სისტემებშიც კი ხდება მძიმე გართულებები და პაციენტების გარდაცვალება. ეს გარემოება რა თქმა უნდა არ ამცირებს არც ადამიანის სიცოცხლის ფასს, არც ოჯახის ტკივილს და არც კონკრეტული შემთხვევის სრულყოფილად შესწავლის აუცილებლობას.

ჩვენთვის ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უზენაესი ღირებულებაა.

ამავე დროს, უმნიშვნელოვანესია იმ ექიმებისა და ექთნების კანონიერი უფლებების, ღირსებისა და პროფესიული რეპუტაციის დაცვაც, რომლებიც დღე-ღამის განმავლობაში დგანან ადამიანის სიცოცხლის სადარაჯოზე.

პაციენტის უფლებების დაცვა და ექიმის უფლებების დაცვა ერთმანეთს არ უპირისპირდება. ორივეს საფუძველი უნდა იყოს სიმართლე, პროფესიული ეთიკა, ობიექტური შეფასება და კანონი.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ: კლინიკა, ექიმი/ექიმები არ გაურბის/გაურბიან არც კითხვებს, არც პროფესიულ შეფასებას და არც პასუხისმგებლობას, თუკი ამის საფუძველი ობიექტურად დადასტურდება.

კლინიკა სრულად ითანამშრომლებს ნებისმიერ უფლებამოსილ ორგანოსთან და მიაწვდის მას საქმის შესასწავლად საჭირო სამედიცინო დოკუმენტაციასა და ინფორმაციას.

ამავე დროს, კლინიკა გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ შესაძლებლობებს საკუთარი თანამშრომლების დასაცავად უსაფუძვლო შეურაცხყოფის, ცრუ ინფორმაციისა და მათი პროფესიული რეპუტაციის უკანონო შელახვისგან.

პაციენტის გარდაცვალების გამომწვევ კონკრეტულ სამედიცინო გარემოებებზე ამ ეტაპზე დამატებით საჯარო მსჯელობას მიზანშეწონილად არ მივიჩნევთ. შესაბამისი შეფასება უნდა გაკეთდეს სრული სამედიცინო დოკუმენტაციისა და პროფესიული კვლევის საფუძველზე და არა ფრაგმენტული ინფორმაციის მიხედვით.

კლინიკა აღნიშნულ საკითხზე საჯარო სივრცეში აკეთებს მხოლოდ ამ ერთ ოფიციალურ განცხადებას და შემდგომ სოციალური ქსელების საშუალებით პოლემიკაში შესვლას არ გეგმავს.

ყველა საჭირო განმარტება და დოკუმენტაცია მიეწოდება შესაბამის უფლებამოსილ სამსახურებს, ხოლო საბოლოო შეფასება უნდა დაეფუძნოს ობიექტურ გარემოებებს, პროფესიულ დასკვნებსა და კანონს.

ვთხოვთ საზოგადოებასა და საკითხით დაინტერესებულ პირებს, ვიდრე კომპეტენტური ორგანოების მიერ გარემოებები სრულყოფილად იქნება შესწავლილი, თავი შეიკავონ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და წინასწარი „განაჩენებისგან“.

ჩვენ არ ვითხოვთ ნდობას, ფაქტებისა და ობიექტური შესწავლის ნაცვლად. ვითხოვთ მხოლოდ იმას, რომ საბოლოო სიტყვა თქვას ფაქტებმა, პროფესიულმა შეფასებამ და სამართალმა.

◾️კიდევ ერთხელ, მთელი გულით ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი პაციენტის ოჯახსა და ახლობლებს.

▪️ჩვენთვის ეს არის უმძიმესი შემთხვევა და გულწრფელად ვწუხვართ, რომ სამედიცინო გუნდის მიერ განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, პაციენტის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

▪️რამდენად მძიმე მოსასმენიც არ უნდა იყოს ეს სიტყვები, ქირურგიული ჩარევა ყოველთვის შეიცავს შესაძლო გართულებების რისკს. სწორედ ამიტომ არსებობს ინფორმირებული თანხმობის პროცედურა და პაციენტისთვის წინასწარ რისკების განმარტების ვალდებულება.

ადამიანის სიცოცხლე უზენაესია;

ექიმის ბრალეულობა ვარაუდით არ დგინდება;

პასუხისმგებლობა უნდა დადგინდეს ობიექტურად;

სიმართლე უნდა დადგინდეს ფაქტებით;

საბოლოო შეფასება ხდება, პროფესიული დასკვნითა და კანონით,”-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გარდაცვლილის შვილის, თაკო კოპალიანის თქმით, დედამ ოპერაცია 24 ივლისს გაიკეთა, რასაც გართულებები მოჰყვა. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu