ხელისუფლება კურორტ ნუნისთან მიმავალი 5-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კურორტ ნუნისთან მისასვლელი, დაახლოებით 5-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას გეგმავს. საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.
მოლითი–ზვარე–ნუნისის გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საკურორტო ზონის განვითარებას და უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის, ტურისტებისა და სტუმრების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი იწყება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა–ხარაგაული–ჩუმათელეთის საავტომობილო გზიდან, სოფელ მოლითში, სადაც არსებული გზის საფარი მნიშვნელოვნად არის დაზიანებული და საჭიროებს სრულ განახლებას.
გზა მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს მის მდგრადობასა და ხანგრძლივ ექსპლუატაციას.
რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას, შეამცირებს გადაადგილების დროს და არსებულ რისკებს.
კურორტი ნუნისი მე-19 საუკუნიდან არსებობს და ცნობილია სამკურნალო მინერალური (ბალნეოლოგიური) წყლებით, ასევე ზვარეს უნიკალური მინერალური წყლით. შესაბამისად, აღნიშნული გზის გამართული ფუნქციონირება მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე მთლიანად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის.
ხარაგაულის მერმა, პროექტის მხარდაჭერისთვის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ხარაგაულის დელეგატს პარლამენტში, პაატა კვიჟინაძეს და სამხარეო ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადა.
„გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ადგილობრივებს. ,ეს გადაწყვეტილება ნამდვილად პასუხობს ინფრასტრუქტურულ საჭიროებებს და ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტულ და სოციალურ განვითარებას. ვულოცავ ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით ზვარის თემის მცხოვრებლებს ამ მნიშვნელოვან სიახლეს“ - აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.
განახლებული გზა ყოველდღიურ ცხოვრებას გაუმარტივებს ადგილობრივ მოსახლეობას და გაზრდის კურორტის ხელმისაწვდომობას ვიზიტორებისთვის. გზის გაუმჯობესება ხელს შეუწყობს ტურიზმის ზრდას, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და რეგიონში ეკონომიკური აქტივობის გააქტიურებას.
პროექტირება მიმდინარე წელს დასრულდება, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოების ტენდერი გამოცხადდება.





