რეკლამა

სადღესასწაულო ომი ქუთაისის რესტორნებში-დაიწყებს თუ არა სახელმწიფო სარესტორნო ბიზნესის კონტროლს?

სადღესასწაულო ომი ქუთაისის რესტორნებში-დაიწყებს თუ არა სახელმწიფო სარესტორნო ბიზნესის კონტროლს?

„გამარჯობა! დიზაინერი ვარ. ვაკეთებ ქორწილების, დაბადების დღეების, ჯვრისწერის დიზაინებს. მაქვს ბევრი იდეა. სახელმწიფომ დამეხმარა და ინვენტარი შემიძინა, თუმცა მუშაობა მიჭირს, რადგან რესტორნები თავიანთ სივრცეში არ მიშვებენ. არც კონკრეტული ფოტო და ვიდეოგრაფები თანამშრომლობენ ჩემთან,“-წყაროს, რომელიც ქუთაისში, სარესტორნო და სადღესასწაულო ბიზნესში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს, ამ ეტაპზე მისივე უსაფრთხოებისთვის გამოჩენა არ სურს.


 

ამბობს, რომ 5 შვილის დედაა, სურდა საკუთარი ბიზნესის ქონა და შვილების მომავალზე ზრუნვა, თუმცა არ გამოუვიდა. მიზეზად კი სფეროში არსებულ მძიმე მდგომარეობას ასახელებს.


 

„მთელი გულით, შემართებით და მონდომებით დავიწყე, თუმცა ასეთ წინააღმდეგობას წავაწყდი და არ ვიცი, რა გავაკეთო,“-ამბობს წყარო.


 

ახალი ამბების სააგენტო Top-news.ge ქუთაისში არსებულ რესტორნებს დაუკავშირდა. რესტორნების მენეჯერები პრობლემას ადასტურებენ, თუმცა თემაზე ღიად საუბარი არ სურთ. როგორც ირკვევა, კონკრეტულ რესტორნებს კონკრეტული დიზაინერები, ფოტო, ვიდეოგრაფები ემსახურება და რესტორნის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, მოხვდება თუ არა იქ სხვა, მისთვის არასასურველი დიზაინერი.


 

„არ ვერევით ჩვენ მაგ საკითხში. აქვს თავსი წესები. მე ვერ ვერკვევი წესებში. მე ვხელმძღვანელობ სხვა სფეროს. მე პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რომ რესტორანში რომ მობრძანდებით, კარგი მწვადი და კარგი ჩაშუშული ჭამოთ,“-ამბობს რესტორან „ქალაქური“-ს ხელმძღვანელი 


ამირან ბეშკენაძე.


 

„ჩვენ კონკრეტულად სტუმარს არ ვზღუდავთ, მაგრამ კონკრეტულ დიზაინერთან ვთანამშრომლობთ. ჩვენთან თავისუფალია არჩევანია. უპირატესობას ვანიჭებთ იმ დიზაინერს, რომელთანაც ვთანამშრომლობთ. ხან ისეა, ხან ასეა. რაღაც მომენტში შეიძლება იყოს ინტერესთა კვეთა, რაღაც მომენტში-არა. ვიღაცას აქვს საშუალება კარგი დიზაინერი ჰყავდეს და ვიღაცას-არა. ყოველთვის უპირატესობას ვნიჭებთ სტუმარს. სტუმარი ცდილობს თავისთავს შეუქმნას კარგი გარემო ჩვენს რესტორანში. ვცდილობთ დავაკმაყოფილოთ შესაბამისად, რისი საშუალებაც გვაქვს. შეთანხმებით ხდება დიზაინერის შემოყვანა, ასევე გადამღების შემოყვანა. ნებისმიერ რესტორანში ყველაფერი არის შეთანხმებადი.


 

ქუთაისში რატომღაც მანკიერი ჩვევა გვაქვს- საკუთრებად გვაქვს აღებული რაღაცები. რესტორანს ექსკლუზივი აქვს იმიტომ, რომ მას დიზაინერი უხდის მოგების 50 პროცენტს და რესტორანი არის ორიენტირებული იმაზე, რომ მეტი მოგება ჰქონდეს. რესტორნებს აქვს ექსკლუზივი დიზაინერებზე. ვიცი კონკრეტული რესტორნები, რომლებიც იქ სხვა დიზაინერს არ უშვებენ და სადაც დიზაინი 3 000-5 000 ლარიდან იწყება.


მე სტუმრებისგან ვიცი ეს ყველაფერი. ცუდია, როდესაც განაწილებულია რესტორნები და იქ სხვა ვერ შედის.


ვფიქრობ, ჯანსაღი კონკურენცია მისასალმებელი უნდა იყოს ყველასთვის. ჩვენ სტუმრის ადგილიდან ვუყურებთ ყოველთვის და მაქსიმალურ კომფორტში გვყავს სტუმარი. რაც შეეხება კონკრეტულ მაგალითებს, სხვებზე საუბრის სურვილი არ მაქვს,“-ამბობს რესტორან „რერო“-ს მენეჯერი ზურა აბესაძე.


 


„სრული თავისუფლება აქვს ყველას-დაწყებული მენიუდან თუ რაც შეიძლება. ერთი კონკრეტული დიზაინერი გვყავს, ჩვენთან მუშაობს ეს ხალხი წლებია. კონკრეტული ვიდეოგრაფებიც გვყავს. რაღაც რაღაცებში სადღაც შეიძლება, ყველაფერი შეიძლება. ხდება ეს სიტუაციები, ვერ ვუარვყოფ ამას. რაღაც სიტუაციაში მე შეიძლება მქონდეს უფლება სტუმარს ვუთხრა კი ან არა,“-აცხადებენ რესტორან „ასტორია“-ში.


 

როგორია მარეგულირებელი ორგანოს პოზიცია და დაიწყება თუ არა სახელმწიფოს მხრიდან მოკვლევა ქუთაისში არსებულ რესტორნებში-საინფორმაციო სააგენტო Top-news.ge თემაზე მუშაობას აგრძელებს. ოფიციალური უწყების პოზიციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


 

 

 


ტეგები:

Facebook - კომენტარები