საქართველოს აეროპორტების გაერთიანება დამოუკიდებლობის დღეს ამბროლაურში აღნიშნავს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება წელს 26 მაისს ამბროლაურში, ცენტრალურ ბულვარში, ავიაციის თემატიკის მრავალფეროვან სივრცეს მოაწყობს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ლევან მოსეშვილის განცხადებით, ღონისძიება 11:00-დან 18:00 საათამდე გაგრძელდება და ვიზიტორებს მრავალფეროვან აქტივობებს შესთავაზებს.
„წელს ისტორიულად დაემთხვა, რომ საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წელი გავიდა და ჩვენც სწორედ ამ თემატიკის გარშემო ვიქნებით რაჭაში-საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეში. ღონისძიება ამბროლაურის ბულვარში გაიმართება და, რა თქმა უნდა, ავიაციის თემატიკას დაეთმობა. გვექნება სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობა როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვის, რეკრეაციული სივრცე, მასტერკლასები და სხვა აქტივობები,"-განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
მისი თქმით, აეროპორტები ყოველთვის მხარში უდგას ქვეყნის პოპულარიზაციას, დარგის განვითარებასა და ეკონომიკის გაძლიერებას.
"26 მაისს გვსურს თითოეულ ვიზიტორამდე მივიტანოთ გზავნილი, რომ ჩვენ ვართ ქრისტიანი, მართლმადიდებელი ერი“,- განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა.
ლევან მოსეშვილი თქმით, ამბროლაურში მოეწყობა ავიაციის თემატიკის შემეცნებითი სტენდი, საბავშვო და გასართობი სივრცეები, ასევე წარმოდგენილი იქნება თვითმფრინავის სიმულაციური გამოცდილება, რომელიც საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.





