როგორ ჩაიარა გემრიელმა ფესტივალმა, “გემო ფესტმა” მესტიაში?
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) უკვე ტრადიციულად შეუერთდა ყველაზე გემრიელ გასტრონომიულ ღონისძიებას - „გემო ფესტს“.
წელს აეროპორტების გაერთიანება ფესტივალში მესტიის აეროპორტით იყო წარმოდგენილი.
ფესტივალზე დასწრების გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე, მესტიის მიმართულებით აეროპორტების გაერთიანებამ 5 დამატებითი ავიარეისი დანიშნა. დამატებითი ფრენები ნატახტარი-მესტიისა და მესტია-ნატახტარის მიმართულებით შესრულდა და რეგულარული რეისები დაემატება, რამაც სტუმრებისთვის მგზავრობას კიდევ უფრო კომფორტული და ხელმისაწვდომი გახადა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება რეგიონში ტურისტული ნაკადების მხარდაჭერას ემსახურება.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უკვე ტრადიციულად მონაწილეობს გემო ფესტში და ამჯერად, მესტიის აეროპორტით, ფესტივალის მთავარი პარტნიორია. ჩვენი მიზანია რეგიონებში ავიამიმოსვლის ხელშეწყობა და მესტიის, როგორც ტურისტული მიმართულების, კიდევ უფრო გაძლიერება. დამატებითი რეისები ხელს შეუწყობს მესტიაში როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის ზრდას და ფესტივალზე დასწრებას კიდევ უფრო მარტივსა და ხელმისაწვდომს გახდის,“ განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
21-22 თებერვალს, მესტიის ცენტრში გამართულმა „გემო ფესტმა“ სტუმრებს სვანური კულინარიის გამორჩეული გემოები და ტრადიციები გააცნო. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მზარეულებისა და მოწვეული შეფების მიერ სვანური სამზარეულოს თანამედროვე ინტერპრეტაციები.
პროექტის მიზანია რეგიონებში გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობა, ადგილობრივი კულინარიული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, მეწარმეების მხარდაჭერა და შიდა და საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირება.





