TOPNEWS » მთავარი თემა » მიმდინარე წლის 9 თვეში სათაფლიამ 95 000-ზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლა

მიმდინარე წლის 9 თვეში სათაფლიამ 95 000-ზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლა

მიმდინარე წლის 9 თვეში სათაფლიამ 95 000-ზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლა

გაიცანით მიმდინარე წლის ყველაზე მონახულებადი დაცული ტერიტორიები, რომელთა შორის, სათაფლიას მღვიმე ერთ-ერთი ლიდერია. მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, ამ დაცულმა ტერიტორიამ 95 456 ვიზიტორს უმასპინძლა.

დღეს სათაფლიას მღვიმეს გაგაცნობთ, რომელიც იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში მდებარეობს.

სათაფლია პრეისტორიული ხანის, 120 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრების ნაკვალევით, სტალაქტიდებითა და სტალაგმიტებით გამოძერწილი უძველესი კარსტული მღვიმით უამრავ მნახველს იზიდავს. სათაფლიას ტერიტორიის 98%-ზე გადაჭიმული უნიკალური კოლხური ტყე ხაზს უსვამს საქართველოს ბუნების მრავალფეროვნებას. სათაფლიაში აღმოჩენილი სხვადასხვა ეპოქის მტაცებელი და ბალახისმჭამელი დინოზავრების ნაკვალევი, მსოფლიოში ცნობილი სახეობებისგან განსხვავდებიან და „Satapliazaurus“-ის სახელით არიან ცნობილი.

სათაფლიაში მოგზაურობის დროს, საფეხმავლო ბილიკით დაათვალიერებთ უნიკალურ კოლხურ ტყეს, სადაც უნიკალური სახეობა, ქართული მთის რუხი ფუტკარი ბინადრობს; შუშის პანორამული გადასახედიდან იმერეთის ულამაზესი ხედებით დატკბებით; დინოზავრების საკონსერვაციო დარბაზში კი, ნახავთ, რა გზას გადიოდნენ მილიონობით წლის წინ აქ მცხოვრები დინოზავრები. ამ ზღაპრულ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე, ბავშვებისთვის განსაკუთრებით საინტერესო სივრცე დაგხვდებათ - დინოზავრების პარკი. 

სათაფლიას მღვიმის ისტორია მხარეთმცოდნისა და პედაგოგის პეტრე ჭაბუკიანის სახელს უკავშირდება. მან, 1925 წელს სათაფლიას მღვიმე, 1933 წელს კი, დინოზავრების ნაკვალევი აღმოაჩინა. უკვე 1935 წელს სათაფლიას ნაკრძალი დაარსდა. 2011 წელს გაიხსნა სათაფლიას დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრი და საგამოფენო დარბაზი. 2015 წლიდან დღემდე, სათაფლიაში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მრავალფეროვანი გახდა ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა: განახლდა დინოზავრების პარკი, დამონტაჟდა დინოზავრების ახალი მაკეტები, მოეწყო ახალი საბავშვო გასართობი სივრცე, განახლდა შუშის პანორამული გადასახედი, სათაფლიას ტყეში მოეწყო ახალი ბილიკი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ ტურისტულ ბილიკებს, მოეწყო სათაფლიას მღვიმის და ეზოს განათების სისტემები. დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ განხორციელებულ აღნიშნულ პროექტებში, 4 000 000 ლარამდე ინვესტიცია დაიხარჯა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu